28 თებერვალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა განახორციელეს, რამაც შუა აღმოსავლეთში ვითარება დაძაბა და მეზობელ ქვეყნებზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა შემოთავაზებული, საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის. კონფლიქტმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. რეგიონული დაძაბულობის გამო საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი მარშრუტები შეფერხდა, ხოლო გლობალურმა სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვებმა დიდი დარტყმა განიცადა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთება გამოიწვია.
როგორც პასუხისმგებლიანმა დიდმა სახელმწიფომ და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ჩინეთმა კონფლიქტის დასაწყისიდანვე ნათლად განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე განხორციელებული სამხედრო დარტყმები საერთაშორისო სამართალს არღვევდა. ჩინეთი მუდმივად ინარჩუნებდა ობიექტურ, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ პოზიციას, აქტიურად მუშაობდა ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების ხელშეწყობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ათობით სატელეფონო საუბარი გამართა ირანთან, ისრაელთან, რუსეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და სხვა მხარეებთან. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ინტენსიურად მოგზაურობდა რეგიონში, რათა შუამავლობა გაეწია და ყველა მხარეს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აეცილებინათ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის საჭიროა ყველა მხარის მიერ კონსენსუსის მიღწევა, რაც შეიძლება სწრაფად და მეტი ქვეყნის მიერ საკუთარი აზრის დაფიქსირება. 31 მარტს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ და პაკისტანის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარმა პეკინში გაცვალეს მოსაზრებები სპარსეთის ყურესა და შუა აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ერთობლივად შეიმუშავეს შემდეგი ხუთი ინიციატივა:
1. საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ჩინეთი და პაკისტანი მოუწოდებენ მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ, ასევე მხარს უჭერენ კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებას. ჰუმანიტარული დახმარება დაშვებული უნდა იყოს ომით დაზარალებულ ყველა რეგიონში.
2. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ირანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. დიალოგი და დიპლომატია კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი შესაძლებელი გზაა. ჩინეთი და პაკისტანი მხარს დაუჭერენ მხარეების მოლაპარაკებებში ჩართვას, ყველა მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება დავის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ. სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს კონფლიქტის მხარეებმა არ უნდა გამოიყენონ ძალა და არ უნდა დაემუქრონ სხვას ძალის გამოყენებით.
3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოება. სამხედრო კონფლიქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ჩინეთი და პაკისტანი მოუწოდებენ კონფლიქტის ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე, სრულად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და შეწყვიტონ თავდასხმები მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ენერგორესურსების, ზღვის წყლის გამტკნარების და ელექტროენერგიის ობიექტები, ასევე მშვიდობიანი ბირთვული ობიექტები, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები.
4. სანავიგაციო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ჰორმუზის სრუტე და მისი მიმდებარე წყლები მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებია საქონლისა და ენერგიისთვის. ჩინეთი და პაკისტანი მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაიცვან ჰორმუზის სრუტის წყლებში დარჩენილი გემებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება, რაც შეიძლება მალე უზრუნველყონ სამოქალაქო და კომერციული გემების უსაფრთხო გავლა და უმოკლეს დროში აღადგინონ ნორმალური ნავიგაცია სრუტეში.
5. გაეროს წესდების პირველობის უზრუნველყოფა. ჩინეთი და პაკისტანი მხარს უჭერენ ნამდვილ მულტილატერალიზმს, გაეროს უმთავრესი როლის გაძლიერებას და შეთანხმების მიღწევას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ჩარჩოს შექმნისა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.
ჩინეთმა და პაკისტანმა, როგორც გლობალური სამხრეთის მნიშვნელოვანმა წევრებმა, გამოთქვეს რაციონალური და სამართლიანი მოწოდებები არსებული დაძაბულობის შემსუბუქებისა და სპარსეთის ყურესა და შუა აღმოსავლეთში მშვიდობის უმოკლეს დროში აღდგენის შესახებ. ეს ინიციატივა ღიაა და მიესალმება ყველა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის გამოხმაურებასა და ჩართულობას. ინიციატივის წამოყენების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ესაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა მათთვის გაეცნო ინიციატივის შინაარსი. საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებში შედის და ხაზი გაუსვა ჩინეთ-პაკისტანის ხუთპუნქტიანი ინიციატივის მნიშვნელობას. კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აფასებს ჩინეთის აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მათ შორის ჩინეთსა და პაკისტანს შორის ახლად გამოქვეყნებულ ხუთპუნქტიან ინიციატივას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ხუთპუნქტიანი ინიციატივისა და ჩინეთისა და პაკისტანის აქტიური შუამავლობის წყალობით, 8 აპრილს აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნა.
საქართველო ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბია, რეგიონში დაძაბულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი გეოგრაფიული უპირატესობების გამოყენების შესაძლებლობა. სამხედრო კონფლიქტის უმოკლეს დროში დასრულება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ფუნდამენტურ ინტერესებშია. ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციებია, რომლებსაც უყვართ მშვიდობა და განვითარებისკენ ისწრაფვიან. აღნიშნულ კონფლიქტში ორივე სახელმწიფომ მკაფიოდ მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისკენ.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ნათლად აღნიშნა, რომ ისტორია გვასწავლის, მულტილატერალიზმი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების გადაჭრის სწორი გზებია. ჩინეთი მიესალმება ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მხარდაჭერასა და მონაწილეობას ჩინეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ ხუთპუნქტიან კონსენსუსში, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საზოგადოებაში უფრო დიდ კონსენსუსს და ერთობლივი ძალისხმევით წვლილი შეიტანონ არსებული დაძაბულობის შემსუბუქებასა და მშვიდობის აღდგენაში სპარსეთის ყურესა და შუა აღმოსავლეთში. ჩვენ ასევე მზად ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოსთან და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების, გლობალური უსაფრთხოების, გლობალური ცივილიზაციისა და გლობალური მმართველობის ინიციატივების ფარგლებში და დაუღალავად ვიბრძოლოთ ხანგრძლივი მშვიდობის, უნივერსალური უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობის, გახსნილობისა და ინკლუზიურობის, ასევე სუფთა და ლამაზი გარემოს შექმნისთვის.









