3 აპრილი, პარასკევი, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი: ცხოველებთან დაკავშირებით ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია” და „ჰუმანიზმზე” ნიანგის ცრემლებს ღვრიან

მიუსაფარი ძაღლების თითქოსდა მასობრივად განადგურების თემაზე საზოგადოებაში ატეხილ ხმაურს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამჯერად ხელისუფლების წინააღმდეგ ემიგრაციიდან მართულ კამპანიაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ემიგრანტები ორკესტრირებულად მოქმედებენ.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ კრიტიკა და შეურაცხყოფა მოდის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც კანონის დონეზე ადამიანების მოკვდინება ნებადართულია.

„ეს არის „ამ თემაზე” ჩემი უკანასკნელი სტატუსი, რომლის დაწერა მაიძულა ქართველ ემიგრანტთა ორკესტრირებულმა გოდებამ საქართველოს ხელისუფლების „ძაღლსაწინააღმდეგო” პოლიტიკის გამო. ამას წერენ იმ ქვეყნებიდან, სადაც კანონის დონეზე ადამიანების მოკვდინებაა ნებადართული. 2026 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, როგორც აქტიურ ევთანაზიას (როცა სიკვდილს იწვევს ექიმის უშუალო მოქმედება), ისე ასისტირებულ თვითმკვლელობას (როცა ექიმი უზრუნველყოფს საშუალებას, მაგრამ საბოლოო ნაბიჯს თავად პაციენტი დგამს), იმ ქვეყნებში, სადაც ეს ფაქტობრივად ლეგალურია და აქტიურად გამოიყენებენ, შედიან ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, კანადა, კოლუმბია, ეკვადორი, ახალი ზელანდია და ავსტრალია; ცალკე რეჟიმში ასისტირებული თვითმკვლელობა დაშვებულია შვეიცარიასა და ავსტრიაში, ხოლო გერმანიასა და იტალიაში ის არსებობს უფრო ვიწრო, სასამართლო-სამართლებრივი ჩარჩოებით, ერთიანი სისტემის გარეშე.

თუ სადმე შეგხვდებათ ამ თემაზე ატირებული ნინა დრამას ფოტოები, დამავალებთ, თუ ჩამიგდებთ. პორტუგალია დამავიწყდა, რომელმაც ეს კანონი მიიღო, თუმცა 2026 წლის დასაწყისისთვის სრულად არ ამოქმედებულა; ასევე ურუგვაიმ 2025 წლის ოქტომბერში მოახდინა ლეგალიზაცია, მაგრამ სრულყოფილი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს. აშშ-ში ეს არ არის ფედერალური ნორმა – დაშვებულია მხოლოდ ცალკეულ შტატებში, მაგრამ ხომ დაშვებულია.

ნინა დრამაზე ჩემი თხოვნა ძალაში რჩება! ციფრებში ეს დასავლური „ჰუმანიზმი” ასე გამოიყურება: კანადა – 2024 წელს 16 499 შემთხვევა (ხოლო 2016 წლიდან ჯამში 76 475); ნიდერლანდები – 2024 წელს 9 958 შემთხვევა; ბელგია – 2024 წელს 3 991; ლუქსემბურგი – 2024 წელს 34 (ხოლო 2009–2024 წლებში ჯამში 226); ესპანეთი – 2024 წელს 426 შემთხვევა; ახალი ზელანდია – 2024–2025 პერიოდში 472 შემთხვევა; ავსტრალია – 2019 წლიდან 7 000-ზე მეტი; კოლუმბია – 2015–2023 წლებში 692 (აქედან 271 მხოლოდ 2023 წელს); ავსტრია – 2022–2024 წლებში ჯამში 264 შემთხვევა; შვეიცარია – მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში 2024 წელს 1 235 (2025 წელს 1 421); ეკვადორში – 2024 წლის შემდეგ დაფიქსირებულია სულ მცირე რამდენიმე რეალიზებული შემთხვევა, თუმცა სრული სახელმწიფო სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.

და სწორედ აქ იწყება მთავარი წინააღმდეგობა. იმ ქვეყნებში, რომლებიც სხვების ჰუმანიზმზე ცრემლებს ღვრიან, უკვე ჩამოყალიბებულია ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტის იურიდიული და ადმინისტრაციული სისტემა – ათიათასობით შემთხვევით, წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით. ეს აღარ არის მხოლოდ „უკიდურესი გამონაკლისი მძიმე ავადმყოფისთვის“. ეს არის რეგულირებული პროცესი: კრიტერიუმები, კომისიები, ანგარიშგება, ფინანსური სარგებელი. როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ამას ამართლებენ ტერმინებით: „არჩევანი“, „ღირსება“, „უფლება“. ამ ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია სიტუაცია საქართველოში, სადაც ბოლო დღეებში ქვეყანას მოედო სრული შიზოფრენია, თითქოს ხელისუფლება მასობრივად ანადგურებს მიუსაფარ ძაღლებს. თუმცა, ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციას უარყოფენ: შესაბამისი სააგენტოები აცხადებენ, რომ საუბარია მკურნალობაზე და კონტროლზე, ხოლო „კრემაცია“ ეხება მხოლოდ უკვე დაღუპულ ცხოველებს.

შედეგად ვიღებთ პარადოქსს: დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ცხოველებთან დაკავშირებით ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში უკვე ნორმალიზებული, კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა. და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია” და იქიდან ღვრიან „ჰუმანიზმზე” ნიანგის ცრემლებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები