კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს – კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს – კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი“, – აღნიშნა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.









