დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „როდესაც პოლიტიკურ სარბიელად აქცევ სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“.
„გემოვნების ჩამოყალიბების როლში ქართულ თეატრს დიდი როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც, სატელევიზიო პროდუქტი ინსტრუმენტად ქცეული და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.“- აღნიშნა ლაშხმა.
მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესია, მათ შორის, მსახიობობა არ უნდა იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და საჩვენებლად გაიხსენა რომან პოლანსკის საქმე, როდესაც ის დააკავეს, მისი დიდი ღვაწლის მიუხედავად.
ამით დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და არცერთი პროფესია არ წარმოადგენს „ინდულგენციას“ კანონის დარღვევისთვის
„სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა ეს თემატიკა წამოჭრილი, თუმცა, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა. ახსენეთ, რომან პოლანსკი- ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი და წვლილი აქვს შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის დატოვებაში, მათ შორის. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში ცენზურა დაუწესეს, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა მას დარღვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ღირსეულად იყოს დაცული.“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.









