გუშინ ტვ. 1-ის „შაბათის შოუმ“ თავისი ძვირფასი ორსაათნახევრიანი დროის 33 წუთი დამითმო მე, როდესაც ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში ძალიან უნიჭოდ და უშედეგოდ სცადა ჩემი გაშავება. ისეთი დიდი იყო ნოდარ მელაძის და მისი გუნდის მხრიდან ჩემს მიმართ შავი პიარის დავალების შესრულების სურვილი, რომ ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა და თუ გამოხმაურებებს დავუჯერებთ, უკუშედეგი მიიღო, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
კაკაბაძის თქმით, დავალების შესაბამისად, „ბოროტი, ფარისეველი, ანგარებიანი და მეგობრის მოღალატე“ „ნანა კაკაბაძის“ პიროვნება მყარად უნდა ჩამჯდარიყო მაყურებლის გონებაში, თუმცა, მისივე განცხადებით, სიუჟეტმა სხვა კატეგორიის მაყურებლებიც მიიზიდა და მათ სწორად შეაფასეს დავალების ავტორთა პროპაგანდისტული გეგმების კრახი.
“მადლობა ტვ. 1-ს!
გუშინ ტვ. 1-ის „შაბათის შოუმ“ თავისი ძვირფასი ორსაათნახევრიანი დროის 33 წუთი დამითმო მე, როდესაც ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში ძალიან უნიჭოდ და უშედეგოდ სცადა ჩემი გაშავება. ისეთი დიდი იყო ნოდარ მელაძის და მისი გუნდის მხრიდან ჩემს მიმართ შავი პიარის დავალების შესრულების სურვილი, რომ ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა და თუ გამოხმაურებებს დავუჯერებთ, უკუშედეგი მიიღო.
ასეა, უნიჭოდ და ბრიყვულად გაკეთებული შავი პიარი ზოგჯერ მიზანში ამოღებულის სასარგებლოდ მუშაობს.
ახლა ვნახოთ, რაში მდგომარეობს ჩემი გაშავების დავალების შემსრულებელთა სიბრიყვე და უნიჭობა.
ისინი თან ცდილობდნენ წარმოეჩინათ ლამის ჩემი ყოვლისშემძლეობა, საპატრიარქოში არსებული უდიდესი გავლენები (თურმე მე განვსაზღვრავდი, რომელ საათზე უნდა ჩამოეტანათ წმინდა მიწიდან წმინდა ცეცხლი, ვისთვის უნდა გაენაწილებინათ ნაკურთხი წყალი, როგორ უნდა აღეწერათ საპატრიარქოს ქონება, მე ვუდგენდი პატრიარქს, ვის უნდა გასაუბრებოდა ტელეფონით და ვის არა, მე ვლობირებდი საპატრიარქოს ქონების განკარგვისა თუ იჯარით გაცემის საკითხებს, საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ჩემთვის არასასურველ ბიზნესმენებსაც კი ვბლოკავდი), თან თურმე ამ ყოველივეს ვიღაცის დავალებით ვასრულებდი.
ამ სიუჟეტის მიხედვით, სუსმაც კი ვერ ახსნა, თუ კონკრეტულად ვის დავალებებს ვასრულებდი, მაგრამ სამაგიეროდ, ნოდარ მელაძის გუნდს გამოურკვევია, რომ ჩემი „ძლევამოსილების“ მიუხედავად, “მხოლოდ“ შორენა თეთრუაშვილის ჩანაცვლება მდომებია, რომელსაც თან ვემეგობრებოდი და თან ვმტრობდი, თან მისგან ძვირადღირებულ ნახატს ვიღებდი საჩუქრად და თანაც ჭორებს ვუვრცელებდი.
მკითხველი იკითხავს, კი მაგრამ, ამ სრულიად უსუსური და დაუსაბუთებელი ორღობის ჭორების ინფორმაციას რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებსო, მაგრამ დავალებების შემსრულებელი პატრონების დაკვეთების შემსრულებელი მედია კარგად იცნობს საკუთარი მაყურებლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და პოლიტიკურ განწყობებს, რის გამოც მათ არ აინტერესებთ არგუმენტები და მტკიცებულებები, მათთვის ხომ მთავარია დემონიზებული და მიზანში ამოღებული პიროვნება რაც შეიძლება მეტჯერ მოიხსენიონ უარყოფით კონტექსტში და ამით მიზანი უკვე მიღწეულია.
სწორედ ამ მიზნით, ჩემი სახელის და გვარის უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ხსენება 33 წუთში 67-ჯერ დაფიქსირდა.
ანუ, დავალების შესაბამისად, „ბოროტი, ფარისეველი, ანგარებიანი და მეგობრის მოღალატე“ „ნანა კაკაბაძის“ პიროვნების ხსენება ამ კონტექსტში მინიმუმ წუთში 2-ჯერ მაინც უნდა მომხდარიყო და ეს მყარად უნდა ჩამჯდარიყო მაყურებლის გონებაში.
ტვ. 1-ის მაყურებლის გონებრივი დონისა და პოლიტიკური განწყობის შესაბამისად, ამას უნდა ემუშავა, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად მრავალჯერ დაანონსებულმა სიუჟეტმა სხვა კატეგორიის მაყურებლებიც მიიზიდა და მათ სწორად შეაფასეს დავალების ავტორთა პროპაგანდისტული გეგმების კრახი.
გონიერმა მაყურებელმა დაინახა, რომ არც ერთი ის ფაქტი, რომელიც ჩემს გასაშავებლად იყო გამიზნული, არც ერთ რესპონდენტს არ დაუდასტურებია.
სხვები ან საერთოდ უარყოფენ მელაძისა და მისი გუნდელების ნაბოდვარს ვითომდა ჩემს „ფარისევლურ“ ან „ანგარებით“ ქმედებასთან დაკავშირებით, ან სიუჟეტში მოხსენიებულ სხვა პირებს (არც თვითონ შორენა თეთრუაშვილს, არც გელა ნიკოლაიშვილს და არც მრავალწერტილით მონიშნულ ინკოგნიტო ჟურნალისტს, რომელსაც ვითომ მე რაღაცას ვუკვეთავდი შორენას წინააღმდეგ) საერთოდ არ დაკავშირებიან (ან მათთვის არასასურველი პასუხები მიიღეს და სიუჟეტში ვერ დააფიქსირეს).
მოკლედ, ჩემგან მადლობა ეკუთვნის მელაძის გუნდს და მათ დამკვეთს, რომლებმაც ჩემდამი მოძღვნილი ნახევარსაათიანი სიუჟეტით ყველა გონიერ მაყურებელს აჩვენეს არა მარტო დამკვეთის სახე და მისი ინტერესი, რომ თუნდაც ორღობის ჭორებით დაემტკიცებინათ ბოროტი და ანგარებიანი ნანა კაკაბაძის ფარისევლობა, არამედ ამ შეკვეთის შემსრულებელი, ჟურნალისებად წოდებული პროპაგანდისტების არაპროფესიონალიზმი, სიბრიყვე და უსუსურობა.
ისიც ყველამ დაინახა, თუ როგორი დიდი ყოფილა ჩემს მიმართ შავი პიარის აგორების სურვილი, რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ საეჭვოდ გამოჩენილი ეს ე. წ. სუს-ის ფაილები ჩემს წინააღმდეგ 5 წლის დაგვიანებით გაააქტუალურეს და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ფეიკ ინფორმაციების ბოროტ დამკვეთს და ავტორებს, ეს „დოკუმენტები“ ვინმეს ფანტაზიის ნაყოფია თუ სუს-ის მიერ უკანონო მოსმენების შედეგად ტყუილ-მართალია ერთმანეთში არეული.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მელაძე და მისი ზონდერ ჟურნალისტები, ნებისმიერი მხრიდან მიღებულ დაკვეთებს ასრულებენ.
საინტერესოა ამჯერად ვისი დაკვეთა შეასრულეს?” – წერს ნანა კაკაბაძე.









