თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად – ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს უწუნებს მართალ სიტყვას.
“ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ ქართულ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია „იმედისა“ და “პოს ტვ”-სთვის” სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ერთი რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა.
მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია, არამედ პირიქით, დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად – ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უფრო იმ სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც თითქოს ქართული ტელევიზიები დესტაბილიზაციას ახდენდნენ უკრაინაში და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ეს აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება ომის წამქეზებლად.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კერძოდ, ბატონი არახამიას განცხადებით, სწორედ ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ კიევს ეწვია და უკრაინულ მხარეს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერათ და “უბრალოდ ებრძოლათ“.
არადა, ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონისვე მტკიცებით, 2016-დან 2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს.
რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია.
დღეს, ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს უწუნებს მართალ სიტყვას. მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში მხოლოდ 2024 წელს ფეისბუკზე გამოქვეყნებული კონსერვატიული შინაარსის პოსტების გამო 12 ათასზე მეტი ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, ე.წ ეფშტეინის სკანდალის გამო ერთმანეთის მიყოლებით ჯერ მეფის ძმა, ხოლო შემდეგ კი მმართველი პარტიის წევრი და ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთდროულად, ერთი მხრივ დონალდ ტრამპს, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას აბსურდული და სამარცხვინო ბრალდებები წაუყენა, რის გამოც ორივე ქვეყნის მმართველი ძალა სამართლებრივ დავას აწარმოებს დეზინფორმატორი BBC-ის წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ მუდმივი საომარი ესკალაციის ფონზე, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც საქართველოს ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენოს, ყველა კარგად ვხვდებით, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება.
აქედან გამომდინარე, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არცერთი მტრის წინაშე დაჩოქებას!”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









