ეს არის მორიგი „ნაცური“ გაერთიანების მცდელობა, ჩვენ ასეთ გაერთიანებაში არაფერი გვესაქმება, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ყოფილ „ნაცებს“ არ უნდათ იმის აღიარება, რომ მათი ერთადერთი, ლეგიტიმური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. თუ გაერთიანდებიან და მართლა აირჩევენ თავის ლიდერად მიხეილ სააკაშვილს და როგორც „ნაცმოძრაობაში“ იმ პრინციპს აღიარებენ, რომ რასაც მიშა იტყვის ის სიმართლეა და სწორია, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ახლა უბრალოდ რაღაც თამაში უნდათ, ვითომ პოლიტიკოსები არიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ეს არასერიოზულია“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცხრა პოლიტიკური პარტიის ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს „ლელო“ და გახარიას პარტია არ უერთდება. მიუხედავად კოალიციაზე უარისა, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ პარტიები აზრს შეიცვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კი „იმედზე“ ბრიტანეთის თავდასხმას იყენებს არგუმენტად, რათა „ქრონიკის“ კითხვებს გაექცეს.









