საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გამოწვევები ყველა მხარეს არის გაშლილი.
„გამოწვევა ბევრია – ზოგადად რაც ხდება დღეს მსოფლიოში. ყველა პერიოდს თავისი გარდატეხები ჰქონდა, მაგრამ ძალიან დიდი გარდატეხები ხდება და ამ პროცესში რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ისეთ გეოგრაფიაში, როგორშიც ჩვენ ვართ, ეს გამოწვევები ყველა მხარეს გაშლილია. ამიტომაც არის ძალიან ხშირად ეს ეგზისტენციალური გამოწვევა პრობლემა, რომელიც შენი ქვეყნის არსებობასთან არის დაკავშირებული. ამას შევეჯახეთ ჩვენ, ასეთ პერიოდში გვიწევს მართვა ქვეყნის, ასეთ პერიოდში გიწევს საერთაშორისო არენაზე შენი ადგილის მონიშვნა – როგორ მონიშნავ, რით ინიშნები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა მინისტრმა.
მან მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ გლობალურ პოლიტიკაში შენ გადამწყვეტი როლი გაქვს და გადამწყვეტი სიტყვა გეთქმის. თუმცა, სწორად როგორ უნდა მოარგო შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის ინტერესი ამ ცვლილებებს და ამ დიდ თამაშში სწორად როგორ უნდა გაიყვანო შენი ქვეყანა სამშვიდობოს, პირველი ეს არის. მთავარი არის უსაფრთხოება, ყველა ქვეყნისთვის ალბათ, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, მშვიდობა გაძლევს შემდეგ ბევრი რაღაცის შესაძლებლობას. როდესაც ეს არ არის, მერე ყველაფერი მეორეხარისხოვანია. დღეს ამ გამოწვევის წინაშე დგახარ, რომ გქონდეს მშვიდობა. ჩვენ ისეთი თაობის წარმომადგენლები ვართ, ბევრი ვნახეთ, საშინელი პერიოდები გაიარა ქვეყანამ. ეს ყველაფერი მიდის ზუსტად იქამდე, რომ თუ არ გაქვს მშვიდობა, ამ ყველაფერს ვერ მისცემ მომავალ თაობას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.









