ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე საქსტატის მონაცემებს ეხებოდა.
მისივე თქმით, მეხუთე კოლონა გარე კარნახით ცდილობს დააზიანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, რათა მათ სათანადო პასუხი მიიღონ.
„ამ სტატისტიკებს როცა ვხედავთ, ორ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ: პირველი – თუ რამდენად სწორად, გააზრებულად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება მისი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში არის და იმ თავდასხმების ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის ქართველი ხალხი ბრიუსელიდან, თუ სხვა დედაქალაქებიდან, ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური განვითარების ტემპებით. მეორე – წარმოიდგინეთ, ამ ელჩების ყოველდღიური თავდასხმები რომ არ იყოს საქართველოზე; რომ არ იყოს მეხუთე კოლონის დაფინანსება საქართველოში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებასაც და ეკონომიკურ სტაბილურობასაც; მათ დაფინანსებულ მეხუთე კოლონას რომ არ ჩაეშალა ნამოხვანჰესი და ახლა ჩვენ ვალები არ გვქონდა გადასახდელი და ჰესის მშენებლობა გვქონოდა, რომელიც კიდევ დამატებითი ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა; მათი მეხუთე კოლონა რომ არ დახვედროდა ტურისტულ გემს ბათუმში და არ გაებრუნებინა უკან, იმიტომ რომ ფული გადაუხადეს ასე გააკეთეო (და იმ ხალხმა გადაუხადა ჩვენი ეკონომიკური ზრდა რომ შურს, თვითონ რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს) – დავფიქრდეთ, რამხელა ზრდა გვექნებოდა, რამდენად უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ეს მავნებლობა, რომელიც უკვე რამდენი ხანია გრძელდება ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ, მათ შორის ამ მიზნით, რომ ჩვენს ეკონომიკას მიადგეს ზიანი. ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, რომ სათანადო პასუხი გავცეთ მეხუთე კოლონას, რომელიც ცდილობს გარედან კარნახით დააზიანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.









