ასეთი განცხადებები კარგი არის იმისთვის, რომ დავინახოთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან ამგვარად შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი, რომელშიც იგი წერს, რომ „ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება“.
„აშანტაჟებენ რისთვის? – საბაბებმა არ დაგვაბნიოს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომელიც მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. თბილისში ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თავად იყო ჩართული კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. აფინანსებდნენ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის მიზნით. ეს ყველაფერი არის ფაქტები, რომ საქართველოში 2024 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი ელჩი ჩართული იყო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ვხედავთ მუდმივ თავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ.
ამიტომ ამ შანტაჟის მთავარი სათქმელი არის ის, რომ: „ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენს ნებას და გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით – თქვენს მოსამართლეებს, პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ, დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას სთხოვენ ახლა ყველას, მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ ამ კანონს. ან რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ, მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად”. აი, ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპამ არ იცის ვისთან აქვს საქმე ქართველი ხალხის სახით.
„ამდენი ხანია – 35 წელია, გაგვიცნეს, მას შემდეგ, რაც „რკინის ფარდა“ ჩამოიშალა. ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და „ვეფხისტყაოსანიც“ ორი სტროფი წაიკითხეს. ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო. პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, ეს რომ გვითხრა. ჩვენი დამოუკიდებლობის სხვადასხვა პერიოდში ვიზები სხვებმა ჩაგვიკეტეს, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, ვიზაც გაგვიუქმეს და ასე შემდეგ. სწორედ ასევე – თავისუფლება გინდა თუ ვიზა?
აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას. აი, კულტურულად რა წარმოდგენა აქვთ საერთოდ სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმომადგენლები არიან საერთოდ, რომ სხვა ხალხებზე ასე ფიქრობენ, რომ გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ რაღაც უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ შენ მოგცემ რაღაც სასმელს და ამის სანაცვლოდ მთელ ოქროულობას წამოიღებენ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი უკვე დიდი ხანია, წავიდა. ეს ყველაზე კარგად მეტყველებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულში არის დღეს ბრიუსელი, როდესაც ის ფიქრობს, რომ შეუძლია, სხვა ხალხს არჩევანი დაუყენოს თავისუფლებასა და ვიზას შორის. ამაშივე შეურაცხყოფას აყენებს იმ ხალხს, რომ ხალხი აირჩევს ვიზას და არა თავისუფლებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რომ ევროპა ამას საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ გზად ასახელებს, პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ 2010 წელს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა სააკაშვილის რეჟიმს მისცა და არა ხალხს.
„შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა 2010 წელს გაგანია დიქტატურაში ევროკავშირმა მისცა სააკაშვილის რეჟიმს – მხოლოდ რეჟიმს, ხალხს არ მოგვცა. თითქოს, ხალზე რომ ზრუნავენ მისცა სააკაშვილის რეჟიმს, ამ წამების სისტემის შემქმნელს, მკვლელობების ჩამდენებს, ამ სისტემას, მის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა. ასე რომ ამ ტყუილს ქართველი ხალხი არ გაატარებს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.









