27 თებერვალი, პარასკევი, 2026
27 თებერვალი, პარასკევი, 2026

როგორ დააბრალა „იმედს“ „მითების დეტექტორმა“ ფაშინიან-ჰაკობიანის ოჯახის შესახებ ინფორმაციის გაყალბება და როგორ გაავრცელა თავად დეზინფორმაცია

„მითების დეტექტორმა“ ტელეკომპანია „იმედი“ ფაშინიან-ჰაკობიანის ოჯახის შესახებ ყალბი ამბის გავრცელებაში დაადანაშაულა, რეალურად კი, ამ ბრალდებით თავად გაავრცელა ყალბი ამბავი „იმედის“ შესახებ, რისი ერთადერთი მიზანიც ტელეკომპანიის დისკრედიტაციაა.

„მითების დეტექტორმა“, რომლის მისიაც თითქოს ფაქტების გადამოწმებაა, მიზანმიმართულად გაავრცელა სიყალბე, რომ „იმედმა“ მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქმე ეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახს.

10 დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, სადაც იგი წერდა, რომ მისი და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო ქორწინება დასრულდა. ამასთან, იგი სთხოვდა ყველას, ამ თემაზე კორექტული ყოფილიყო.

მის განცხადებაზე დაყრდნობით, წყვილის დაშორების შესახებ, ინფორმაცია არაერთმა მედიამ, მათ შორის „იმედმა“ მოამზადა.

იმავე დღეს „მითების დეტექტორმა“ მოამზადა მასალა იმის შესახებ, თუ როგორ გაშუქდა ანა ჰაკობიანის ფეისბუქ-განცხადება და გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ცნობები, რომ ნიკოლ ფაშინიანი მეუღლეს, ანა ჰაკობიანს დაშორდა, მცდარია“. ჩვენი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მიზნით, იმ მედიების ჩამონათვალში, რომლებმაც თითქოსდა ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, „იმედი“ პირველ ადგილზე იყო დასახელებული.

ის, რომ „იმედს“ მცდარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ჰაკობიანმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ჰაკობიანის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ „იმედის“ მიერ ჰაკობიანის წინა განცხადების გაშუქებაში უზუსტობა არ ყოფილა.

„როგორც ადრე განვაცხადე, ჩემი და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ქორწინება დასრულებულია. ადრე დავწერე, რომ ჩვენი „სამოქალაქო ქორწინება“ დასრულებულია. ამან ბევრი გაურკვევლობა გამოიწვია. მე ასე იმიტომ დავწერე, რომ სხვა სახის ქორწინება არც გვაქვს“, – ამბობს ჰაკობიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ფაქტი დაადასტურა თავად ფაშინიანმაც. „პატივს ვცემ ანას გადაწყვეტილებას. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რთულ პერიოდებში ის ჩემ გვერდით იყო. ის იყო ჩემი საყრდენი და მხარდამჭერი. არ ვარ დარწმუნებული, მეც ვიყავი, თუ არა ასეთი მისთვის. ალბათ, უფრო მეტი ტკივილი მივაყენე, რის გამოც პატიებას ვთხოვ“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

ფაშინიან-ჰაკობიანის დღევანდელ განცხადებებზე დაყრდნობით „იმედმა“ კვლავ მოამზადა ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე, „იმედისგან“ განსხვავებით, თემის გაგრძელებით აღარ დაინტერესებულა „მითების დეტექტორი“. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ დღევანდელი სიახლის შესახებ ინფორმაციის მომზადება მათივე წინა მასალასთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში და დაადასტურებდა, რომ „იმედს“ ინფორმაცია არასწორად არ გაუვრცელებია. ეს კი, ნათელია, რომ „მითების დეტექტორის“ ინტერესში არ შედის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები