ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან.
„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული.
ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ისინი ხედავენ, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელსაც ქართველმა ხალხმა გასული ორი წლის მანძილზე ორჯერ გამოუცხადა მყარი ნდობა, ხოლო მეორე მხარეს დგას გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა, არაფერი აწუხებს“, – აღნიშნა კობახიძემ.









