ჩინური კალენდრით 2026 წელი მხოლოდ ახლა შედის ძალაში, ამიტომ ვინც 31 დეკემბრის ღამეს ვერ მოასწრო სურვილების ჩაფიქრება, ახლა აქვს შანსი აინაზღაუროს დანაკლისი, მით უფრო, რომ ფენ-შუის სპეციალისტთა მტკიცებით, ენერგეტიკულად ძლიერი თებერვლის თვე – საუკეთესო პერიოდია სურვილების ჩაფიქრებისთვის.
სურვილების რუკა
სურვილების რუკა – ფენ-შუის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა პოპულარობა, რადგან როგორც აღმოჩნდა, სწორედ სურვილების ვიზუალიზაციით უგზავნის ადამიანი სამყაროს სიგნალს და მიმართავს დახმარების თხოვნით. მართალია, ფსიქოლოგები ნაკლებად იზიარებენ მსგავსი მეთოდის მაგიურობას, მაგრამ მაინც იწონებენ “ვიზუალიზაციის დაფას”, რომელიც მათი აზრით, საკუთარ თავში გარკვევის, შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებისა და მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალებაა.
რუკის შედგენა
საკმაოდ მარტივია სურვილების რუკის გაკეთება, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ფოტოების და ნახატების მოცულობითი კოლაჟია, თუმცა ბევრისთვის ერთგვარი “ილუსტრირებული მოტივაციის” ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, შეარჩიეთ А2-ის ფორმატის ფურცელი, მოიმარაგეთ ფერადი ფანქრები და საღებავები, საკუთარი, ჟურნალებიდან ამოჭრილი ან ინტერნეტში მოძიებული ფოტოები და ნახატები.
გაყავით ფურცელი ცხრა თანაბარ ზონად, რომლებიც ფერებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განასახიერებენ. ცენტრში პირადი ზონაა, სადაც მხოლოდ საკუთარი პორტრეტი უნდა მოათავსოთ. შეარჩიეთ ფოტო, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ ან თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს. შეიძლება ფოტოს დამუშავება (თუ წონაში დაკლებას ნატრობთ, ზედმეტი კილოგრამების ჩამოკლება), სასურველი დეტალების დამატება, ფონის და ანტურაჟის შევსება.
იისფერი – სიმდიდრის და ქონების ზონა – შეავსეთ სიმდიდრის, კეთილდღეობის ამსახველი ფოტოებით და ნახატებით. შეგიძლიათ გააკეთოთ კოლაჟი, რომელშიც საკუთარ ფოტოსაც ჩასვამთ ძვირადღირებული ავტომობილის, ფეშენებელური ვილის ფონზე ან ფულის კუპიურებით სავსე ტომრით ხელში.
წითელი – დიდების და აღიარების ზონა – გამოიყენეთ იმ სფეროს, საქმიანობის ფოტოები, სადაც წარმატების მიღწევა გსურთ. ანალოგიურად შეგიძლიათ საკუთარი ფოტოს ჩასმა დიპლომით ან პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე, თქვენით აღფრთოვანებული პუბლიკის და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე.
ვარდისფერი – სიყვარულის და ქორწინების ზონა – თუ პარტნიორი გყავთ, მისი ფოტოს გამოყენებით შექმენით იმ გარემოს კოლაჟი, რომელსაც ნატრობთ, თუ არ გყავთ პარტნიორი, აბსტრაქტული გამოსახულება ან ზურგიდან გადაღებული ფოტო მოათავსეთ ანალოგიურ კოლაჟში.
მწვანე – ოჯახის ზონა – მოიძიეთ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ან მყუდრო ოჯახური გარემოს ამსახველი სურათები ჟურნალებიდან. მთავარია, ზუსტად გადმოსცეთ თქვენთვის სასურველი ატმოსფერო.
თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი – ბავშვების ზონა – საკუთარი შვილების ფოტოების გვერდით, მხიარული, ბედნიერი ბავშვების ფოტოებიც გამოგადგებათ მათი მიღწევების და წარმატებების ფონზე, მათ კი, ვინც ბავშვის შეძენას ნატრობს, ორსულობის ან ჩვილების ფოტოები უნდა გამოიყენოს.
კრემისფერი ან ყავისფერი – ცოდნის და სიბრძნის ზონა – ერთი მხრივ, ცოდნას და განათლებას, მეორე მხრივ, შემოქმედებით საქმიანობას განასახიერებს, ამიტომ დიპლომებით და სიგელებით, ხელოვნების რომელიმე დარგის და სასურველი პროფესიის დაუფლების ფოტოებით შეავსეთ.
ცისფერი ან ლურჯი – კარიერის და სამსახურის ზონა – გამორჩეული ზონაა, რადგან განსაკუთრებულ მონდომებას მოითხოვს როგორც ვიზუალიზაციის, ისე რეალიზაციის მხრივ, ამიტომ ზუსტად განსაზღვრეთ მიზნები და მოკლედ გაწერეთ სამოქმედო გეგმა, გასაფორმებლად კი, იდეალური სამუშაო გარემოს ფოტოები გამოიყენეთ.
ოქროსფერი და თეთრი – მოგზაურობის ზონა – გააკეთეთ იმ ქალაქების ფოტოკოლაჟი, სადაც მოგზაურობა გსურთ, ან გამოიყენოთ თვითმფრინავების, სამგზავრო ბილეთების და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი სუვენირების ფოტოები.
გაითვალისწინეთ, რომ რუკა ყოველთვის მარცხნიდან მარჯვნივ ივსება (ქონების ზონით დაწყებული – მოგზაურობის ზონით დასრულებული), ფოტოკოლაჟები კი, აუცილებლად თქვენს ოცნებებს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ხშირად ვიზუალიზაცია საოცარი სიზუსტით მუშაობს და ზუსტად ის სრულდება, რაც გამოსახულებაზეა.
კარგად გაიაზრეთ ყველა სურვილი და მთელი გულით ინატრეთ, რადგან ჩანაფიქრის ასრულება პირველ რიგში, ადამიანის გულწრფელობასა და რწმენაზეა დამოკიდებული, მით უფრო, რომ ფენ-შუის სპეციალისტთა მტკიცებით, წესების დაცვით შედგენილი რუკისა და შესაბამისი განწყობის შემთხვევაში, თითოეული სურვილის ასრულებას მხოლოდ 30 დღე სჭირდება. თუ ჩაფიქრებული არ ასრულდა, ე.ი. თქვენი “შესაძლებლობების შინაგანი გვირაბია ზედმეტად ვიწრო” ანუ საკუთარი თავისთვის უფლების მიცემის მექანიზმი არ გაქვთ სრულყოფილად ამოქმედებული და შემაფერხებელ, შემზღუდავ მიზეზებზე მოგიწევთ მუშაობა.
თუ კოლაჟების შექმნის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ სურვილების ტექსტად ჩაწერა, თუმცა მხოლოდ აწმყო დროში, ერთგვარი აფირმაციის ფორმით (მაგალითად, “ჩემი ხელფასი 10 ათას ლარს შეადგენს”, “მალდივებზე ვისვენებ” და ა.შ).
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სურვილები ცალკე რვეულშიც ჩამოწერეთ, თითოეული სფეროსთვის ცალკე გვერდის გამოყოფით, სურვილების რუკა კი, საკუთარი გემოვნებით გააფორმეთ და გამოსაჩენ ადგილას, თუმცა ყველასგან შორს მოათავსეთ, რადგან ბედნიერებას სიჩუმე, სიმშვიდე უყვარს და არ ღირს მისი უცხო ენერგიებით დაფრთხობა.
რუკის აქტივიზაცია
რა თქმა უნდა, სურვილების რუკის გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლება, ნებისმიერი ფორმითა და თანამიმდევრობით, რადგან მთავარი შთაგონება, გულწრფელობა და მზადყოფნაა შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც ფენ-შუის მეთოდითა და ზონური დაყოფით შედგენილი რუკაა, საუკეთესო დროდ კი, აღმოსავლური ახალი წლის პირველი ორი კვირა ითვლება, რომელიც 2026 წელს 17 თებერვალს აიღებს სტარტს და 2 მარტამდე გაგრძელდება.
რუკის აქტივიზაციისთვის საჭიროა მარტივი რიტუალის ჩატარება. მოიფიქრეთ სურვილი, რომელსაც სწრაფად და ადვილად შეასრულებთ, მაგალითად, კაფეში საუზმობა ან პარკში გასეირნება, დაუმატეთ რუკას შესაბამისი გამოსახულება და განახორციელეთ ჩანაფიქრი, რადგან სწორედ მაშინ ამუშავდება რუკა, როცა პირველი სურვილი შესრულდება.
მართალია, სპეციალისტთა მტკიცებით, რუკის სრულად რეალიზებას მინიმუმ 24 თვე სჭირდება, მაგრამ თუ გრანდიოზული სურვილები გაქვთ და ხვდებით, რომ 2 წელი საკმარისი არაა, მაშინ მეტი დრო მიეცით სამყაროს მათ შესასრულებლად, მერე კი, მადლობა გადაუხადეთ ყველა ასრულებული და არ ასრულებული სურვილისთვის, რადგან სამყარო ორივე შემთხვევაში თქვენზე ზრუნავდა და საიმედოდ შეინახეთ აკურატულად დაკეცილი რუკა. გახსოვდეთ, რომ ახალი რუკის შექმნისას არ შეიძლება ძველი ფოტოების გამოყენება, რადგან განხორცილებულმა სურვილმა უკვე შეასრულა თავისი მისია, განუხორციელებელი კი, ნაკლებად სასიკეთო ენერგიითაა დატვირთული.









