ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „არაფერია გადაწყვეტილი“ გრენლანდიის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე კომენტირებისას.
„ჩვენს დანიელ მეგობრებთან დისკუსია მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ მათზე რაიმე სახის ზეწოლას. გარდა ამისა, არსებობს ნატოს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც იქ უფრო ხანგრძლივ წვრთნებს ჩავატარებთ. ყველაფერი ნათელია, თუმცა წინ კიდევ ახალი ეტაპები გველის. გრენლანდიის შესახებ ჩამოყალიბებული რიტორიკის ხასიათი და გამოხატული პოზიციები უნდა გაიმიჯნოს იმ სავარაუდო გეოპოლიტიკური საფრთხისგან, რომელიც, თითქოსდა, გრენლანდიის ტერიტორიას ემუქრება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„ნურავინ მოტყუვდება იმის ფიქრით, თითქოს აშშ-ის ნამდვილი განზრახვა მხოლოდ გეოპოლიტიკურ საფრთხესთან გამკლავება იყო. მას საფრთხეს არც რუსები უქმნიდნენ და არც ჩინელები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სადაზვერვო ანალიზი გრენლანდიის გარშემო რუსული და ჩინური გემებისა და წყალქვეშა ნავების რაოდენობაზე, რომელთა ყოფნაც დავაფიქსირეთ: ეს რაოდენობა უმნიშვნელოა. ისინი ძირითადად ბალტიისპირეთის საზღვრებთან და ევროპაში იმყოფებიან“, – დასძინა მან.









