9 თებერვალი, ორშაბათი, 2026
9 თებერვალი, ორშაბათი, 2026

ირაკლი კობახიძე: შიდაპოლიტიკურ საქმეებში ქვეყნის გარედან არავინ უნდა ერეოდეს, ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საკითხები და ამას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება კანონმდებლობაში

ვერავის მივცემთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევისა და საქართველოში დემოკრატიის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას, რაც წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულმა სუბიექტებმა სცადეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გვერდის ავლა, მათ შორის ევრობიუროკრატიის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ გზებს კანონის გვერდის ავლისთვის.

„მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონი იყოს ეფექტური და ეფექტიანი. მოხდა ისეთი რამ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, მაგალითად ესტონეთში. ისინი აცხადებდნენ, რომ სტიგმატიზაცია იყო მთავარი პრობლემა ამ კანონში და არ სურდათ, რომ ჰქონოდათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი და ამ დროს თავად დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური ძალა.

აქედან ჩანს, როგორი ყალბი იყო ის დისკუსიები, რომლებიც სტიგმატიზაციასთან და ზოგადად ამ კანონის გარშემო წარიმართა მათი მხრიდან. კანონი უნდა მუშაობდეს მაქსიმალური ეფექტურობით და ზუსტად ამას ემსახურება ეს დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება კანონმდებლობაში.

თუ სადმე არის გვერდის ავლის პრეცედენტები, ასეთი რისკები, ბუნებრივია, უნდა აღმოიფხვრას და ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ემსახურება ეს კანონი.

ზოგადი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ვინმე ერეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, საყოველთაო პრინციპი, სუვერენიტეტის პრინციპთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, აქ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები შესაბამისი ინტერესების გატარების თვალსაზრისით. ვერავის მივცემთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას და საქართველოში დემოკრატიის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას, რაც წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა დამკვიდრდა 90-იანი წლებიდან და მეტ-ნაკლები სიმძაფრით ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სწორი პრაქტიკა, ჩვენს შიდა პოლიტიკური საქმეებში ქვეყნის გარედან არავინ უნდა ერეოდეს. ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საკითხები და ზუსტად ამას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება კანონმდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები