ირაკლი კირცხალია: დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი – ჩამობრძანდნენ „ეუთოს“ წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ისაუბრა და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება შეაფასა.
კირცხალიამ გაახმოვანა მმართველი გუნდის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში, კონკრეტული ინსტიტუტები და ორგანიზაციები, თანამშრომლობის ნაცვლად, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.
„მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს „შეშფოთებების სერიიდან“.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს – სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.
მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ „ეუთოს“ წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ.“ – განაცხადა კირცხალიამ.









