„როდესაც საუბარი ეხება მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედებს მცირერიცხოვანი მეწარმეების ის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია თავისი პირობები უკარნახოს ბიზნესგარემოს და საკუთარი ფასები შესთავაზონ მომხმარებელს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როდესაც კომენტარი გააკეთა ფასების დარეგულირების მიზნით პარლამენტში შექმნილი კომისიის მიზნებსა და ამოცანებზე.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომისიის მიზანია პირველ რიგში დაიცვას მომხმარებლის ინტერესები და შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გამორიცხავს ბაზრის სუბიექტებს შორის არასამართლიანი თამაშის წესების დანერგვას.
„პარლამენტის კომისია, პირველ რიგში, შექმნილია იმისათვის, რომ ყველა ეს პროცესი წარიმართოს ღიად და გამჭვირვალედ, რათა საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული. ჩვენ კვლევას ვატარებთ სწორედ იმიტომ, რომ გამოვავლინოთ ის ადგილები, სადაც ბაზრის სამართლიანი კანონებია დარღვეული, სადაც არ არის ჯანსაღი კონკურენცია და სხვადასხვა ეკონომიკური აქტორების მიერ ადგილი აქვს თავიანთი მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. საუბარია იმაზე, რომ დავაბრუნოთ სამართლიანობა ბაზრის ყველა იმ აქტორისათვის, როგორიცაა მცირე და წვრილი მეწარმე, მომხმარებელი და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი.
როდესაც საუბარი ეხება მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედებს მცირერიცხოვანი მეწარმეების ის ჯგუფი (საუბარი შეიძლება შეეხებოდეს როგორც დისტრიბუტორებს, ასევე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს), რომელსაც შეუძლია თავისი პირობები უკარნახოს ბიზნესგარემოს და საკუთარი ფასები შესთავაზოს მომხმარებელს (საბითუმო ან საცალო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს). ეს არის სწორედ ძალაუფლების ბოროტად გამოუყენება. ეს ყველა ქვეყანაში ხდება და არ გეგონოთ, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია. როგორც წესი, კონკურენტულ გარემოში ასეთი ბრძოლა ხდება ხოლმე და ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც მსგავსი აქტორების წინააღმდეგ მოქმედებს. ცნობილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის გამოცდილებები და გარდა ამისა, არსებობს ევროდირექტივა, რომელიც პირდაპირ ეძღვნება ამ საკითხის მოგვარებას. აქ არის გაწერილი რა უნდა გაკეთდეს და რა არა, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.
საპარლამენტო კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ ფასები დარეგულირდეს, მათი ხელოვნურად გაზრდა არ მოხდეს, შეიქმნას დამზღვევი მექანიზმები, რომელიც მომავალში აგვარიდებს არასამართლიან კონკურენციას და მიმართული იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









