2 თებერვალი, ორშაბათი, 2026
2 თებერვალი, ორშაბათი, 2026

გია ვოლსკი – არავითარი რეპრესია – ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს, დაშვება არ არის მხოლოდ იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“

არავითარი რეპრესია – ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს, დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო წარსულის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება.

„არავითარი რეპრესია. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, ნებისმიერი პროგრამის განხორციელება შეიძლება, უბრალოდ, როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება რაღაც კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით და იმ პროგრამის მფარველობით, არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას და როგორ უნდა მოამზადოს „მოლოტოვის კოქტეილი“. გრანტების არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ელემენტარული თემაა – ახლო წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ხმარდება ექსტრემიზმის განვითარებას. თუკი ეს ასე არ არის, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა?! ითქვას, რა თანხაა, ვინ გადმოაგზავნა და რაოდენობით რას ხმარდება. მეტი არავითარი მოთხოვნა არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ კერძო ადამიანს გადმოურიცხოს ოჯახმა თანხა უცხოეთიდან, ან რაღაც კონკრეტული საქმიანობისათვის, ან ნათამაშები როლისთვის ვიღაცამ მიიღოს ჰონორარი – რასაკვირველია, ეს რაიმე კონტროლის არანაირი ქვემდებარე არ არის. დასაშვებიც არის და მისასალმებელიცაა, რასაკვირველია.

ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაცია ბევრი არის, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია – ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს. დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“, რაზეც მარტა კოსი ლაპარაკობს ოფიციალური ტრიბუნიდან და ამბობს, როგორ მოვძებნოთ გზა, რომ „შავი ფული“ შევიტანოთ საქართველოშიო. ამის წინააღმდეგ არის მიღებული ეს კანონი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები