23 დეკემბერი, სამშაბათი, 2025
23 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

პოლონური მედია: არის თუ არა საქართველო ნამდვილად პუტინის მოკავშირე? – პოლონეთი ევროკავშირის ნარატივის მახეში აღმოჩნდა

ბოლო წლებში პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხში შევიდა. ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ევროპულ ასპარეზზე, ვარშავა სულ უფრო ხშირად იქცევა მკაცრ კრიტიკოსად, რომელიც იმეორებს ბრიუსელიდან და ბერლინიდან მომდინარე ნარატივს – წერს პოლონური მედია dobitnie.pl

სტატიაში ნათქვამია, პრობლემა ის არის, რომ ეს ნარატივი -გამარტივებებსა და მორალურ შაბლონებზე დაფუძნებული- სულ უფრო სუსტად აღწერს სამხრეთ კავკასიაში არსებულ რეალობას და სულ უფრო მეტად აზიანებს პოლონეთის სტრატეგიულ ინტერესებს. უნდა გამოჰქონდეს კი პოლონეთს ცეცხლიდან ნაკვერჩხლები ევროპული ზესახელმწიფოებისთვის?

ავტორი მარჩინ როსოლვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი, ვრცელ სტატიას აქვეყნებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მასში საქართველოზეც საუბრობს, სადაც ამბობს, რომ „საქართველო არც მტერია და არც რუსეთის სატელიტი“.

ის ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო იყო სიმბოლო. რუსეთთან ომი და ლეხ კაჩინსკის გამოსვლა თბილისში ქართველების მეხსიერებაში ჩაიწერა, როგორც რეალური მხარდაჭერის, და არა დიპლომატიური თავაზიანობის მომენტი. მაშინ პოლონეთი იყო სახელმწიფო, რომელსაც ესმოდა, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი — არა ანგარიშებიდან, არამედ საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან. დღეს ეს ნდობის კაპიტალი ჯერ კიდევ არსებობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ შეძლებს კი პოლონეთი მისი გაფლანგვის თავიდან აცილებას?

2022 წლის შემდეგ პოლონურ დებატებში საქართველოს თემა დომინირებულია შავ-თეთრი ნარატივით: ან სრული იდენტიფიკაცია თბილისის ლიბერალურ ოპოზიციასთან, ან „პრორუსულობის“ ბრალდება. ამ ლოგიკაში ადგილი არ რჩება ნიუანსებისთვის, უსაფრთხოების კონტექსტისთვის და საზღვრისპირა სახელმწიფოს რეალობებისთვის, რომლის ტერიტორიაზეც დღემდე დგანან რუსული ჯარები. სხვათა შორის, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დადანაშაულება პუტინისადმი თბილ გრძნობებში ისევე შორსაა რეალობისგან, როგორც აბსურდული საუბრები„პრორუსულ“ პარტიებად პოლონეთის „კანონი და სამართლის“ (PiS) ან „კონფედერაციის“ მოხსენიება.

„საქართველოს პუტინიზაცია“ – პუბლიცისტური თეზა ანალიზის ნაცვლად საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის თეზა, რომ საქართველო ხდება „პუტინის მოკავშირე“. ეს ფართოდ ვრცელდება მედიაში, მაგრამ მყარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს 2008 წლიდან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებს, გაეროში ხმა მისცა რეზოლუციებს, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, და არ არის არცერთი რუსული ინტეგრაციული სტრუქტურის წევრი.

რუსეთის მოკავშირე არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიას უთმობს ომის წარმოებას, საგარეო პოლიტიკას კრემლთან სინქრონიზაციას უკეთებს და მონაწილეობს რუსულ სამხედრო პროექტებში. საქართველო ასეთი სახელმწიფო არ არის. სიფრთხილე მოსკოვის მიმართ არ ნიშნავს ლოიალობას – ეს ნიშნავს საკუთარი შეზღუდვების გაცნობიერებას. საკმარისია რუკას შეხედო, რომ დაინახო, სად არის მოსკოვი და სად – ბრიუსელი.

ევროკავშირი და გერმანია: შერჩევითი მხარდაჭერა, არა ნეიტრალიტეტი დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის მთავარი პრობლემა საქართველოს მიმართ მისი შერჩევითი ხასიათია. ევროკავშირი ოფიციალურად აცხადებს მხარდაჭერას „პლურალიზმისა“ და „სამოქალაქო საზოგადოების“ მიმართ, თუმცა პრაქტიკაში ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი მიდის ძალიან კონკრეტულ წრეებთან: ლიბერალ-მემარცხენე NGO-ებთან, watchdog-ებთან და მედიასთან, რომლებიც ღიად არიან დაპირისპირებულნი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.

ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსება არ არის, მაგრამ ეს არის ფული, რომელიც ქმნის ნარატიულ, ექსპერტულ და საკადრო ბაზას ერთი პოლიტიკური ბანაკისთვის. გერმანული პარტიული ფონდები, მათ შორის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საქართველოში მოქმედებენ არა როგორც ნეიტრალური დამკვირვებლები, არამედ როგორც იდეოლოგიური რბილი ძალის (soft power) ნაწილი, რომელიც ბერლინში არსებულ კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის არცერთ მსხვილ პროგრამაში არ ჩანს სიმეტრიული მხარდაჭერა კონსერვატიული, ცენტრისტულ-მემარჯვენე ან ტრადიციული წრეების მიმართ. „პლურალიზმი“ იქ მთავრდება, სადაც იდეოლოგია იწყება.

ამგვარი პოლიტიკა საპირისპირო შედეგებს იძლევა. ქართული საზოგადოების ნაწილისთვის „ევროპულობა“ აღარ აღიქმება როგორც საერთო პროექტი, არამედ როგორც ზეწოლისა და შიდა პოლიტიკურ დავაში ჩარევის ინსტრუმენტი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასუსტებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერას – პარადოქსულად იმ ქვეყანაში, რომელსაც რეგიონში დასავლეთისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ევროკავშირის მემარცხენე-ლიბერალური მმართველი წრეები, გაცნობიერებულად თუ უნებლიეთ, პუტინს უზარმაზარ პროპაგანდისტულ საჩუქარს უკეთებენ. ისინი აჩვენებენ, რომ მათთვის ქართული სუვერენიტეტი უნდა იყოს კონკრეტული (სასურველია ცისარტყელას) შეფერილობის. ასეთ დროს რუსეთს ჩარევაც კი არ სჭირდება – საკმარისია, რომ დასავლეთი თავად გაბრაზდეს. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არ არის „სწორი“ პარტია.
სხვათა შორის, ბრიუსელის ფარისევლური მორალური აღშფოთება „ქართული ოცნების“ მიმართ ვერ უძლებს შედარებას ევროკავშირის „ოქროს ხოხბების“ პოზიციასთან რუმინეთის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნები გაუქმდა იმიტომ, რომ გამარჯვებული აღმოჩნდა კანდიდატი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს არ შეესაბამებოდა. არჩევნები ხელახლა ჩატარდა და ამჯერად, ბრიუსელის გულის გასახარად – გაიმარჯვა უკვე „სწორმა“ და მორჩილმა კანდიდატმა. შეუძლია კი ასეთ გარემოს პრეტენზია ჰქონდეს იმის განსაზღვრაზე, ვის აქვს დემოკრატიული მანდატი და ვის – არა?

ხმები პოლონეთში- ერთიანი ხაზი არ არსებობს პოლონეთი, ამ ნარატივის დაუფიქრებლად გამეორებით, საკუთარ სუბიექტურობაზე ამბობს უარს. პარტნიორისა და შუამავლის ნაცვლად, ის იქცევა მრავალთაგან ერთ-ერთ მორალისტ კომენტატორად, კარგავს იმ გავლენას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა. კომენტარს აკეთებს, მაგრამ არ მოქმედებს.

საბედნიეროდ, პოლონურ დებატებში უფრო დაბალანსებული ხმებიც ისმის. PiS-სა და „კონფედერაციასთან“ დაკავშირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ საქართველოს იზოლირება და მისი „პრობლემად“ ქცევა სტრატეგიული შეცდომაა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ დასავლეთმა მსგავსი შეცდომები უკვე დაუშვა – დაბლოკა საქართველოს მისწრაფებები ნატო-სა და ევროკავშირში, რითაც მხოლოდ გააფართოვა რუსეთის მანევრის სივრცე. მეორე მხარეს არიან დღევანდელი მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად პირდაპირ აიგივებენ თბილისის ქუჩის პროტესტებს „ხალხის ნებასთან“, ხოლო ხელისუფლებას – ავტორიტარიზმსა და პრორუსულობასთან. ეს ეფექტური, მაგრამ გამარტივებული ნარატივია, რომელიც ვერ უმკლავდება ქართული პოლიტიკური სცენის სირთულეს.

გონივრული შეფასება სასწრაფოდ საჭიროა პოლონეთს არ ევალება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, მაგრამ არც მისი დემონიზება უნდა მოახდინოს. ურთიერთობების დათბობა არ ნიშნავს თბილისის ყოველი გადაწყვეტილების მიღებას – ეს ნიშნავს საუბარს, ჩართულობას და გავლენას. სახელმწიფოები, რომლებიც მორალური სიწმინდის სახელით დიალოგზე უარს ამბობენ, ხშირად ასპარეზს სხვა მოთამაშეებს უთმობენ. მათ შორის – რუსეთსაც.

პოლონეთის აღმოსავლეთის პოლიტიკა ოდესღაც – ან სულ მცირე ასე უნდა ყოფილიყო – რეალიზმსა და გრძელვადიან აზროვნებაზე იყო დაფუძნებული. დღეს კი ის ძალიან ხშირად ჰგავს სოციალური ქსელების ლოგიკას: სწრაფს, ემოციურს და შავ-თეთრს. საქართველო იდეალური ქვეყანა არ არის. მაგრამ ის არც მტერია და არც რუსეთის სატელიტი. ხოლო სახელმწიფოები, რომლებიც პოტენციურ პარტნიორებს ექცევიან როგორც მორალურად შებღალულ მთხოვნელებს, ჩვეულებრივ ღებულობენ ერთი მოკავშირით ნაკლებს და ერთი პრობლემით მეტს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები