“ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სენატორ ტედ კრუზის მიერ სენატის იურიდიულ კომიტეტში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც მან ყურადღება გაამახვილა ძალადობრივი პროტესტების დაფინანსებაზე და ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადების საჭიროებაზე.
მთავარია, სახელმწიფომ შეძლოს ობიექტურად და მკაფიოდ გამიჯვნა: ერთი მხრივ, უნდა იყოს დაცული მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება, ხოლო მეორე მხრივ, დაუშვებელია ორგანიზებული და ფინანსურად მართული დესტრუქციული ქმედებები. ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე ქვეყანა მუდმივად გაურკვევლობისა და არასტაბილურობის განცდაში იქნება, – წერს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, კრუზის მოწოდება „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში მიმდინარე დებატებს იმის შესახებ, სად გადის ზღვარი ლეგიტიმურ პროტესტსა და ორგანიზებულ დესტრუქციულ ქმედებას შორის.
„ტედ კრუზის მიერ სენატის იურიდიულ კომიტეტში გაკეთებული განცხადება, სადაც მან ყურადღება გაამახვილა ძალადობრივი პროტესტების დაფინანსებაზე და ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადების საჭიროებაზე, საინტერესო პარალელებს იძლევა საქართველოს რეალობასთან.
მისი მთავარი გზავნილი იყო: “მიჰყევით ფულს“ — ძალადობა, როგორც წესი, სპონტანურად არ ჩნდება, მას უკან ფინანსური და ორგანიზაციული რესურსი დგას.
საქართველოს კონტექსტში ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია.
ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა საკითხი, თუ ვინ აფინანსებს აგრესიულ აქციებს, რომლებიც ხშირად ემთხვევა ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდებს, განსაკუთრებით — არჩევნების წინ.
ამ დროს ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი პროცესები შეიძლება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი იყოს, არამედ გარე ძალების ინტერესების ნაწარმოებიც.
ამასთან, კრუზის მოწოდება „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ შეგვახსენებს საქართველოში მიმდინარე დებატებს: სად გადის ზღვარი ლეგიტიმურ პროტესტსა და ორგანიზებულ დესტრუქციულ ქმედებას შორის?
ის, რაც ერთი მხარისთვის შეიძლება იყოს პოლიტიკური აქტივიზმი, მეორე მხარისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობაა.
სწორედ აქ დგება მთავარი კითხვა: რამდენად ეფექტიანად და ობიექტურად ახერხებს სახელმწიფო ამ პროცესების შეფასებას?
ამერიკაშიც და საქართველოშიც ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, თუ ვინ და რატომ აფინანსებს დესტაბილიზაციას. ამერიკელი სენატორის გზავნილი იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი ფენომენი მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში არ გვხვდება, ის გლობალური გამოწვევაა.
საქართველოსთვის ამ დისკუსიის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ძალადობრივი აქციების შეფასება უნდა გადიოდეს ორი ხაზით: ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება, ხოლო მეორე მხრივ, მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს ის შემთხვევები, სადაც საქმე გვაქვს ორგანიზებულ, ფინანსურად მართულ დესტრუქციასთან.
ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე პოლიტიკური პროცესები მუდმივად გაურკვევლობისა და არასტაბილურობის განცდას გააჩენს.“ – წერს მეგრელიშვილი.