მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთერთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ მრავალწლიან შეჯამებას.
გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო, ანუ ბოლო მე-100 ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამასთან საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით.
საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპის და ასევე შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული მსოფლიოში.