აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებს ოთხ ადამიანს, რომელიც მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული.
„ჩვენი პირველი დღე თეთრ სახლში ჯერ არ დასრულებულა! ჩემი საპრეზიდენტო საკადრო ოფისი აქტიურად არის დაკავებული წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასობით ადამიანის გამოვლენითა და გათავისუფლებით, რომლებიც ჩვენს ხედვას „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ არ ეთანხმებიან“, – დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე გათავისუფლებულები არიან: ჯო ანდრესი, რომელიც ბაიდენის დროს სპორტის, ფიტნესისა და კვების საპრეზიდენტო საბჭოში მუშაობდა, ყოფილი სამხედრო მარკ მილი, რომელიც ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოში საქმიანობდა, ბრაიან ჰუკი, უილსონის მკვლევართა ცენტრიდან და კეიშა ლენს ბოტომსი, ექსპორტის საკითხებზე მომუშავე საპრეზიდენტო საბჭოდან.