18 იანვარი, შაბათი, 2025
18 იანვარი, შაბათი, 2025

დონალდ ტრამპი – „ტიკ ტოკთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული, ასე რომ, ნახავთ, რას გადავწყვეტ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „ტიკ ტოკთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას „არც ისე შორეულ მომავალში მიიღებს“. ამის შესახებ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული, ასე რომ, ნახავთ, რას გადავწყვეტ“, – განუცხადატრამპმა „სიენენს“ სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.

მანამდე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლებს შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა მოსამართლეებს გადაწყვეტილების გადავადება სთხოვა. თუმცა ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს აკრძალვის აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტიკ ტოკის“ ბედი ტრამპის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ტრამპმა 2020 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ფაქტობრივად კრძალავდა „ტიკ ტოკს“, თუმცა სააპელაციო სარჩელების გამო ის არ აღსრულებულა.

როგორც „ჰილი“ წერს, ტრამპი ბოლო წლის განმავლობაში „ტიკ ტოკის“ აქტიურ მხარდამჭერად იქცა.

ტრამპის მრჩეველთა ნაწილმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ორშაბათს, თანამდებობის დაკავებისთანავე იმოქმედებს აპლიკაციაზე წვდომის შესანარჩუნებლად და ამავდროულად, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

„„ტიკ ტოკი“ თავისთავად ფანტასტიკური პლატფორმაა. ნეტავ, შემეძლოს ჩემს ტელეფონზე მქონდეს. ალგორითმი საოცარია. ჩვენ ვიპოვით გზას მის შესანარჩუნებლად და ამავდროულად ადამიანთა მონაცემების დასაცავად. სწორედ ეს არის შეთანხმება, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება“, – განაცხადა ტრამპის მომავალმა მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-ზე.

აღსანიშნავია, რომ „ტიკ ტოკის“ გენერალური დირექტორი შოუ ზი ჩიუ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას.

ტრამპმა დღესვე განაცხადა, რომ მან „ტიკ ტოკის“ საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.​​​​​​​​​​​​​​​​

ავტორი:

ბოლო სიახლეები