ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ, სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არათუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი – ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა“, – განაცხადა ბაირამოვმა.