15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

პროკურატურა: მოვუწოდებთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში

მოვუწოდებთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მოცულობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, გამოძიების პროცესში ასევე ჩართულია თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფი.

გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

არსებული და მოსაპოვებელი მტკიცებულებების დასაცავად, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზევე დაილუქა ცესკო-ს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. ხსენებული აპარატებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ მიერ მოწვეული იქნენ შესაბამისი ცოდნის უცხოელი ექსპერტები, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები. „სმარტმატიკის“ ექსპერტთა უშუალო ჩართულობით, გამოძიების მიერ სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, 2300-მდე ვერიფიკაციისაპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვერიფიკაციის აპარატებიდან გამოთხოვილია მასში არსებული გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ყველა ვერიფიკაციის აპარატი დაილუქა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი.

აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა.

ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.

მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.

მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციისშესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციისაპარატებში დაცულ ინფორმაციაზე.

გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამისათვის გამოძიების მსვლელობისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას შესაბამისი კვლევისათვის წარედგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დღეს გამოყენებული მარკირების სითხის (როგორც გამოყენებული, ასევე გამოუყენებელი) ნიმუშები და მარკირების დადგენისთვის საჭირო სპეციალური ფარნები. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.

მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები