საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რა დროსაც განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა.
„მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებთან კლოდ კერნთან და ედიტ ესტრელასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ოპოზიციის რეაქცია და ტაქტიკა, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უკვე გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხვალ დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.