ბათუმში კი საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს, მათ შორის ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან განარიდა. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბათუმში გამართულ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან „დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე, „ძლიერი საქართველოს” წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და „გახარია – საქართველოსთვის” წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. „ბათუმელების” ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ბათუმში შაბათს დაკავებულების, მათ შორის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული “ბათუმელების”” დირექტორის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ.