აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ დაამტკიცა, რის გამოც ფედერალურ მთავრობას დაფინანსების გარეშე დარჩენა ემუქრება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ კანონპროექტს „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მხარი არ დაუჭირა. მანამდე პროექტი მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ის დაემუქრა იმ „რესპუბლიკელებს“, ვინც გაბედავდა და ბიუჯეტის პროექტს ხმას მისცემდა.
„რესპუბლიკელებმა“ მეტი გონიერება და სიხისტე უნდა გამოიჩინონ“, – წერია ტრამპისა და აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც The Guardian-ი იუწყება, ბიუჯეტის არსებული კანონპროექტი ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმაც გააკრიტიკა. „ეს [კანონპროექტი] არ უნდა გავიდეს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.
მასკისა და ტრამპის შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ზედმეტად მოცულობითია, თუმცა პარალელურად, ტრამპი ფედერალური სესხის აღებაზე ლიმიტის გაზრდას ითხოვს.
მომხდარში „დემოკრატები“ სრულ პასუხისმგებლობას „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებს აკისრებენ. „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს ბრძანება დახურონ მთავრობა და ამერიკელი მუშათა კლასი აზარალონ, რომელსაც, როგორც ისინი ამბობენ, მხარს უჭერენ. თუ თქვენ ორპარტიულ შეთანხმებას არღვევთ, შედეგებზე პასუხისმგებელნი ხართ“, – ციტირებს გამოცემა წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერს ჰაკიმ ჯეფრის.
აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებს მიმდინარე კვირის პარასკევის ჩათვლით აქვთ დრო დაამტკიცონ ბიუჯეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის ფედერალური მთავრობა დაფინანსების გარეშე დარჩება და ფუნქციონირებას შეწყვეტს.
მსგავსი პრეცედენტი აშშ-ის უახლეს ისტორიაში 2018 წელს, ტრამპის პირველი ვადის პერიოდში დაფიქსირდა.









