ქალების სიძლიერესა და სიმამაცეზე დიდი ხანია არავინ დავობს. ქალს იმდენად მებრძოლი სული და ძლიერი ხასიათი აქვს, რომ შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრების ყოველგვარ სირთულეებს, იყოს ნებისმიერ პროფესიაში საქმის პროფესიონალი, მეომარი, ჯარისკაცი… რუსუდან გლურჯიძე ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ძლიერი, ნიჭიერი ცნობილი ქართველი რეჟისორი ქალბატონი, რომელიც მოგვიყვება პროფესიულ სირთულეებზე და წარმატებაზე.
– უცხო ენების ფაკულტეტზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი, იმ უბრალო მიზეზით, რომ იმ დროს, სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება რვა წელიწადში ერთხელ ხდებოდა და ჩემი სკოლის დასრულების წელი არ დაემთხვა მიღების წელს. არც იმის შესაძლებლობა იყო, რომ რომელიმე ახლოს მყოფ პროფესიაზე გემუშავა ან წასულიყავი სტაჟიორად. მცდელობა არ დამიკლია… გავიარე გასაუბრება და სტაჟირებაზე დამიშვეს, მაგრამ მშობლებმა უარი მითხრეს რუსეთში წასვლაზე. 16 წლის ბავშვი ვიყავი… ამიტომ გადავწყვიტე სწავლა დამეწყო ფრანგული ენის ლინგვისტიკაზე, შემდეგ კი, როდესაც გამოაცხადებდნენ მიღებას რეჟისორის ფაკულტეტზე მეორე ჯერზე უნდა ჩამებარებინა.
– გვესაუბრეთ ფილმზე „სხვისი სახლი“, რომელიც გამორჩეულად რეზონანსული გამოდგა. როდის დაგებადათ იდეა, რომ ამ ფილმზე გემუშავათ?
– ერთ დღეს ბატონმა რეზო ჩხეიძემ, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი: ათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა მომზადებულიყო „ათი მცნების“ მიხედვით. თითოეულ მონაწილეს ფილმი უნდა მოემზადებინა ერთი კონკრეტული მცნების შესაბამისად. ჩემს დავალებას მივუსადაგე ის თემა, რომელიც მე ყოველთვის მაწუხებდა: წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავართ დევნილი, მეც გამოვცადე ის ტკივილი, რასაც ჰქვია სახლის დაკარგვა და ა.შ… ასე შევარჩიე ჩემი ფილმის თემატიკა და სახელი „სხვისი სახლი“, რომელიც საბოლოო ჯამში არ გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი.
-თავიდანვე ფიქრობდით რომ მოკლემეტრაჟიანი ყოფილიყო ფილმი, თუ მუშაობის პროცესში გადაწყვიტეთ სრულმეტრაჟიანად გექციათ ის?
– არა იმთავითვე ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო თემა, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის იყო განსაზღვრული, რადგან მიმაჩნია, რომ მოკლე მეტრი ყველანაირად შეზღუდული ფორმატია, როდესაც გინდა, რაღაც მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრო. – როგორ ფიქრობთ, ამ ფილმის გადაღებით თქვენი გულის ტკივილი სწორად იქნა მიტანილი მაყურებლამდე? – ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად შევეცადე გამომეხატა ყველაფერი ის, რაზეც მე ვფიქრობდი. რამდენად გამომივიდა – არ ვიცი.
– ქალბატონო რუსუდან, ფილმის გადაღების პროცესში მოგიწიათ თუ არა რამე კომპრომისზე წასვლა?
-რა თქმა უნდა, იყო კომპრომისები. კინოწარმოება კომპრომისების გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, საქართველოში, მაგრამ ეს არ იყო იდეური კომპრომისები – იყო ტექნიკური კომპრომისი.
– ისევ კინოს თემას რომ დავუბრუნდეთ: რა იყო ყველაზე რთული „სხვისი სახლის“ გადაღების პროცესში?
– ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის ყველაზე რთული არის გაიაზრო, ის, რასაც ყოველდღე იღებ. რთული პროცესია ემოციურად, ძალიან რთული, მაგრამ წარმოების მხრივ იყო უამრავი სირთულე, რადგან ჩვენ ვიღებდით აჭარის მაღალმთიან სოფელში, სადაც გადასაღები ადგილი არაადაპტირებული იყო ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის, გვიწევდა ასევე აწყობილი ლოკაციის მიტოვება, რადგან დღეში მრავალჯერ იცვლებოდა ამინდი.
– მინდა გკითხოთ „სნაიპერ ქალზე“, ამ პერსონაჟით რის თქმა გსურდათ?
– რა თქმა უნდა, ქალის სიძლიერეს გაესვა ხაზი. „სხვისი სახლი“ არის ომის შემდეგ სინდრომზე და მე ვთვლი, რომ ომი თუ არის მამაკაცების საქმე, ომის შემდეგ ქალების მხრებზე გადასატანია ომის მორიგი სიძნელეები, ამიტომ ეს არ არის ქალური კინო, უბრალოდ, თემიდან გამომდინარე ბევრი ქალი პერსონაჟია. მე ვიცი ბევრი ქალი სნაიპერი, აფხაზეთის ომის მონაწილეები. პირდაპირ რომ იყვნენ ჩართულები საომარ მოქმედებებში, ასევე, ძალიან საინტერესო იყო ქალი პერსონაჟის კვლევა, რომელიც არის სუსტიც და ამავდროულად ძლიერიც.
– თქვენთვის, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის, ვინ არის ყველაზე დიდი ძალა და მთავარი მოტივატორი?
– ჩემი მეუღლე არის ჩემი სტიმული, ბიძგი, რომელიც ყოველ დღე გაიძულებს რუტინულად იმოქმედო, მე უფრო ინერტული ვარ, ის უფრო ქმედითია და უფრო რისკიანია ჩემგან განსხვავებით. ძალიან ვაფასებ და მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ მოხდებოდა ჩემს პროფესიაში მის გარეშე, რადგან ზურა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მთა, დაძრას ყინულები თუ თვლის, რომ მიზანი მისაღწევია.
– და ბოლოს თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ. ახალ ფილმზე ხომ არ მუშაობთ?
-ვგეგმავთ ახალი ფილმის გადაღებას, თუმცა, მანამდე სხვადასხვა რთული დეტალების მოგვარების პროცესში ვართ. როგორც კი მოგვარდება ესა თუ ის საკითხები, აუცილებლად დავიწყებთ ახალი ფილმის გადაღებას. რაღაცებს არ გავაჟღერებ, (იცინის), სიურპრიზად დავტოვებ და თქვენ გელოდებით მომავალი წლის ზაფხულში ფილმის პრეზენტაციაზე.
ესაუბრა: ელენე ბასილაია
(ელენე ბასილაია არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – ჯიუს-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი)