31 მარტი, ორშაბათი, 2025
31 მარტი, ორშაბათი, 2025

“ადამიანის ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი გვერდში მდგომი საკუთარი თავია…” – ინტერვიუ ახალგაზრდა პოეტთან, ანა ძაძამიძესთან

ანა ძაძამიძე არის თანამედროვე ქართველი მწერალი, რომლის შემოქმედება მკითხველში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მისი ორი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, “ასტრალში” და “სიზმრებს მიღმა”, არამხოლოდ ლიტერატურული ღირებულებით გამოირჩევა, არამედ ღრმა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თემების გაშუქებითაც. ორივე წიგნი მკითხველს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლოს ადამიანის შინაგანი სამყარო, სიზმრების და რეალობის საზღვრები და აღმოაჩინოს ახალი პერსპექტივები ცხოვრების შესახებ. მისი  ნამუშევრები გამოირჩევა ემოციურად  გააზრებული პერსონაჟებით, რაც მათ განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.

ონლაინგამოცემა „მხარე“ ახალგაზრდა მწერალს, ანა ძაძამიძეს ესაუბრა:

 

– რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, როდესაც წერდით წიგნს ,,ასტრალში“?

– თავდაპირველად, ინსპირაცია ფილმიდან (“split – გახლეჩვა”),  წამოვიდა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს  პიროვნების გაორება აქვს (საკუთარ თავში 25 სხვადასხვა პერსონაჟი ცხოვრობს). წიგნი უნდა ყოფილიყო ფსიქიატრიულ განყოფილებაში მყოფ პერსონაჟზე, თუმცა, დროთა განმავლობაში სრულად გადავაკეთე.

– წიგნში “სიზმრებს მიღმა” რა თემები და იდეები გაქვთ გამოკვეთილი და რატომ იყო ეს საკითხები თქვენთვის მნიშვნელოვანი?

– წიგნში “სიზმრებს მიღმა” ვხვდებით ბედნიერებისთვის მებრძოლ ადამიანებს, თუმცა, აქაც თავისთავად დაყოფილია პერსონაჟთა პრიორიტეტები – ვისთვის რასთან ასოცირდება ბედნიერება. გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ვინც სიყვარულისთვის ბოლომდე ბრძოლობს, ის აღწევს და მოიპოვებს სიყვარულს. ხოლო, ვინც ადვილად თმობს და მისთვის ეს გრძნობა, უბრალოდ, გამოცდილებაა, ის წარუმატებლად აგრძელებს ცხოვრებას – სიყვარულის საკითხში. ასევე გამოკვეთილია ორი სხვადასხვა მამაკაცის სახე, რომელიც იბრძვის და  ნებდება… ქალთა რამდენიმე სახე, რომლელიც, ასევე, ამ “ბრძოლაში” არიან ჩართულნი და რას აკეთებენ ისინი სიყვარულისთვის…

– აღწერეთ წერის პროცესი.  რაიმე განსაკუთრებული რიტუალი გაქვთ, რომელიც გეხმარებათ წერის პროცეში?

– წერის დროს აუცილებლად ვეძებ სიმშვიდეს და კომფორტულ ადგილს, რადგან ამ დროს სრულიად სხვა განზომილებაში გადავდივარ: ვიღიმი, ვიცინი, ვტირი, ვბრაზობ, ცხოვრებას განვაგრძობ ნაშრომის მიხედვით. წიგნის პერსონაჟი ვხდები და იმავე ემოციებს განვიცდი, რასაც ისინი. ერთადერთი, ამ დროს, რაც მეხმარება ერთი ფინჯანი ჩაი და შოკოლადია.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი წიგნები მკითხველზე როგორ გავლენას ახდენს, რა გსურთ რომ გააცნობიერონ?

– არაერთი მკითხველი მოსულა ჩემთან იმ ემოციებით, რა ემოციებითაც მე ვიყავი დატვირთული წერის პროცესში. ისინიც იმავეს განიცდიან, თითქოს, ჩვენ შორის სარკეა აღმართული და ერთმანეთს ვუყურებთ. მკითხველიც ხედავს, როგორ ბრძოლობენ ადამიანები ან, თუნდაც, როგორი უსამართლოა გარემო. ისინი მხოლოდ ბედნიერებას კი არ ხედავენ ან უბედურებას, არამედ, ორივე მხარეს, ორივე განცდას და უპირველეს ყოვლისა, ბრძოლას!

– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დადექით თქვენი წიგნების წერის პროცესში?

გამოწვევა საკუთარ თავთან უფრო მქონდა, ვიდრე – ვინმესთან. ის შიში, რომელიც შიგნიდან მჭამდა – ნეტავ, გამოვა ეს ყველაფერი? ნეტავ, რამდენად დაინტერესდება მკითხველი? ნეტავ, შემამჩნევენ საერთოდ?! – ეს შიშები მჭამდა, სხვა არავინ და ვერავინ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ დღეს დავძლიე. ადამიანის ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი გვერდში მდგომი საკუთარი თავია… როგორც ჩანს, სინათლემ აჯობა ბნელ ფიქრებს.

– როგორ შეაფასებთ თანამედროვე ლიტერატურას? რა არის ის, რაც განსაკუთრებით იქცევს თქვენს ყურადღებას?

– თანამედროვე ლიტერატურაში მომწონს ზუსტად ეს თანამედროვეობა, რომელიც აუცილებელ ჩარჩოს კი არაა მორგებული, არამედ ავტორი უშუალო კავშირშია მკითხველთან და არა, რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით უხსნის იმას, რაც ჩვეულებრივი მკითხველისთვის გაუგებარი იქნება.

– გყავთ თუ არა კონკრეტული მკითხველი, რომლის აზრი და გამოხმაურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის?

– ჩემთვის, ჩემი ყველა მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია. მათ ყველა მოსაზრებას, ალბათ ვერ გავითვალისწინებ, თუმცა, მსიამოვნებს თითოეული მათგანის ემოციების მოსმენა. წიგნის დაბეჭდვამდე კი, მყავს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც აზრს ვეკითხები.

– როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე? როგორ გეხმარებათ ის თქვენს შემოქმედებაში?

– ყოფილა შემთხვევა, ძალიან მტკენია გული, ისეთი სიტყვები უთქვამთ, თითქოს ისრებმა გაიარა სხეულშიო, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა, რომელიც უნდა გამოიაროს ადამიანმა. ამ დროს, ჩემი მეგობრები მიდგანან გვერდით და მიმეორებენ იმას, რომ ყველას ერთი გემოვნება ვერ ექნება. ისინი რომ არა, დეპრესია შესაძლოა ძალიან დიდხანს გამყოლოდა.

– წიგნებში – “ასტრალში” და “სიზმრებს მიღმა”, არსებობს თუ არა საერთო თემები,  შინაარსობრივად, ერთმანეთთან კავშირშია?

– მართალია, წიგნებში პერსონაჟები ერთმანეთს ახსენებენ, თუმცა, კავშირი წიგნებს შორის არ არის.

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? მუშაობთ თუ არა ახალ პროექტებზე?

– სამომავლოდ საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, როგორც ეტაპობრივად ნელ-ნელა მოხდა ჩემი გამოჩენა, ასევე ნელ-ნელა მსურს განვითარება. სწრაფი ზრდა, სწრაფადვე ანარცხებს ძირს ადამიანს, მე ასე ვფიქრობ. საფეხურებით ნელი სვლა კი, ბევრად უფრო მყარია. ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, თუმცა, დასასრული როდის დაიწერება მხოლოდ მუზამ იცის, რომელიც დაუკითხავად მოდის.

– რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ავტორებს, რომლებიც ახლა იწყებენ წერას?

–  არ შეეშვათ წერას! სულ რომ გიმტკიცონ, რომ აზრი არ აქვს, არ შეეშვათ! ყოველი გაფიქრება, ყოველი სიტყვა, რაც გონებაში დაიბადება, ჩაიწერეთ, ფიქრები არ მეორდება.  ყოველთვის ეცადეთ, იყოთ განსხვავებული, მოყევით განსხვავებულად და მუდმივად ეძებეთ სიახლე.

 ავტორი: მარიამ ქვათაძე

ავტორი:

ბოლო სიახლეები