მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მეტი წილი მოსახლეობის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?! ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა, – განაცხადა მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ქადაგებისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.
მან მრევლს მთავარანგელოზობა მიულოცა და განაცხადა, რომ ანგელოზების მიერ ღვთის ნება ცხადდება ეკლესიის წიაღში. ისინი გამოუცხადებენ ამ ნებას როგორც თითოეულ ადამიანს, ასევე განსაკუთრებით ეკლესიის მეთაურებს, მღვდელმთავრებს, პატრიარქებს. ადამიანები, რომლებიც კარგად არ არიან გათვითცნობიერებული და არ შეუძლიათ, გაიგონ ღვთის ნება რა არის, ამიტომ ისინი ღვთის ნებას უნდა იგებდნენ მოძღვრების – მღვდელმთავრების, პატრიარქების საშუალებით, იმ გამოცდილი ადამიანების მეშვეობით, რომელთაც აქვთ გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, სულიერება და ღმერთი მათი პირით ესაუბრება თავის მრევლს, სამწყსოს.
მღვდელმთავარი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
„ჩატარდა არჩევნები და არ მაქვს სურვილი მისი შეფასების, თუ როგორი იყო. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ერთი რამის ხაზგასმა მინდა.
რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. ბრძანა კიდევაც პატრიარქმა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები. საშიშროება იმისა, რომ იყოს რაიმე გაურკვევლობა, არეულობა და ასე შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
მინდა პირდაპირ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მეტი წილი მოსახლეობის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?! ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა.
ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ადამიანები, რომლებიც ეზიარებით კიდეც, ადამიანები, რომლებიც ტაძრებსა და მონასტრებს აშენებთ და ეხმარებით, აქამდეც ასე ყოფილა და ახლაც ასე აგრძელებთ, ნუთუ, თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას?! ერთი უბრალო, მარტივი მიზეზის გამო – თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება. პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენების. აუცილებელია მაინც და მაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, რა ვიცი, საიდან უნდა იყოს კიდევ, რომ სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება?!
არ ვფიქრობ, რომ სხვა ადამიანები ამ ყველაფერს იმაზე მეტი სიბრძნით, სიყვარულითა და გულისტკივილით ამბობდნენ, ვიდრე ჩვენი პატრიარქი. ამიტომ ჩემი სურვილი, მოწოდება, თხოვნა და რჩევა არის ერთადერთი – დაუჯერეთ პატრიარქს, დაუჯერეთ ეკლესიას და გაანალიზეთ, გააცნობიერეთ – რას ნიშნავს, იყოთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ამავდროულად არ უსმენდეთ ეკლესიას და პატრიარქს.
პატრიარქი, ეკლესია ყოველთვის ღვთის ნებას გამოგვიცხადებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს. გაიზიაროთ პატრიარქის სიტყვები, მისი დალოცვა, მისი კურთხევა და მიიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტის თქმით, საქართველო და მთელი სამყარო არის ძალიან დიდი აფეთქებებისა თუ კატაკლიზმების წინაშე და ღმერთის გარეშე ჩვენ ვერ დავძლევთ, ეკლესიის გარეშე ამ ყველაფერს ვერ გავუძლებთ. საქართველო უნდა დამშვიდდე და გადარჩეს.
საპატრიარქომ ახლახან გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“.