გასული წლის სექტემბერში ონლაინგამოცემა „მხარე“ გიამბობდათ ამბავს, „არქიმ“ ივენთზე ის ოჯახები რომ არ მიიწვია, რომლებსაც სერვისის გადასახადი არ ჰქონდათ გადახდილი. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა, პრობლემების განხილვის მიზნით „არქი ვუდის“ მობინადრეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე, განხილული იყო გასულ სტატიაში აღნიშნული პრობლემები და სხვა ისეთი პრობლემებიც, რომლებზეც იმავე სტატიაში არ იყო საუბარი. შეხვედრაზე, შიო ხეცურიანმა თითქმის ყველა პრობლემის მოგვარების პირობა გასცა, მათ შორის, ყველაზე მასშტაბური პრობლემის – კორპუსის ეზოში სკვერის მოწყობის.
კომპანიის რეაგირებიდან, აუცილებლად აღსანიშნია ისიც, რომ ზემოთაღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „არქის“ ფეისბუქ-გვერდზე კომპანიამ კომენტარის, აზრის გამოთქმის დაწერის უფლება შეუზღუდა ყველა იმ პირს, ვინც მათივე გვერდზე ღიად წერდა საცხოვრებელ კორპუსში არსებულ დღემდე მოუგვარებელ პრობლემებზე.
ზემოთაღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მეოთხე თვე დაასრულებს ათვლას, თუმცა, პრობლემები ისევ მოუგვარებელია. ამ ყველაფრის ფონზე კი, „არქის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დონე იმდენად დაბლა დაეცა, რომ 2022 წლის ბოლოს, კომპანიამ საახალწლო საჩუქრები მხოლოდ იმ ოჯახებს არ გადასცა, რომლებიც წლის განმავლობაში კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პროტესტს საჯაროდ გამოხატავდნენ. აღნიშნულზე რომ ეჭვი გაგვიჩნდა კომპანიაში გადავამოწმეთ. კომპანიის წარმომადგენელს, თეას ვკითხეთ, მიდიოდნენ თუ არა ოჯახებში შერჩევით. თეამ დაგვიდასტურა, რომ დიახ, ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რომ ეს კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო და ყველა მობინადრემ, რომელიც პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამდა, ეს არჩევანი თავად გააკეთა. იხილეთ ჩანაწერი:
ეს ყველაფერი კრიტიკას რომ ვერ უძლებს ალბათ ხვდებით, მაგრამ ტრაგიკული ამ ყველაფრში იცით რა არის? კომპანია „არქის“ მენეჯმენტი ფიქრობს, რომ თუ იმ ადამიანებს არ მიუტანს მათ მიერ მომზადებულ საახალწლო ჩანთებს, (რომელიც მოიცავს “ჰუდს” და 1 ბოთლ ღვინოს), რომლებიც მათ მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს უკვე საჯაროდ ახსენებს, (იმიტომ, რომ პირად საუბრებში გამოხატულმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო), ის ოჯახებიც „შეშინდებიან“ ვინც დღემდე ამას ხმამაღლა არ გამოხატავდნენ და არასოდეს ამოიღებენ ხმას კომპანია “არქის” მიერ გამოხატული გულგრილობის მისამართით, იმის შიშით, მორიგ დღესასწაულზე “არქიმ” საჩუქარი არ მოგვართვასო…
კიდევ უფრო ტრაგიკული კი რა არის იცით? კომპანიას როდესაც დავურეკეთ და ვკითხეთ, კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად სასაჩუქრე ჩანთებს ნამდვილად შერჩევით არიგებდნენ თუ არა, ჩათვალეს, რომ იმ სასაჩუქრე ჩანთებს მივტიროდით. ტრაგიკულია, როდესაც ამ ამბავში ეს დაინახეს და არა ის, რაოდენ დაბალი დონის მიდგომა იყო ის, რაც მათ მოსახლეობისადმი გამოავლინეს.
ასევე, ტრაგიკული იცით რა არის? კომპანია ელემენტარულ პიარ-კამპანიასაც რომ ტყუილით აწარმოებს. მაგალითად, საახალწლო ლაივში „არქის“ წარმომადგენელი ამბობს – ჩუმად იმიტომ ვსაუბრობთ, მობინადრეებისთვის სიურპრიზი გვაქვსო. იხილეთ ვიდეო:
რეალურად კი, “არქი ვუდის” პროექტში, სადაც ეს ვიდეოა ჩაწერილი, 250-მდე ბინიან კორპუსში, 2 ოჯახზე მეტი ვერ იპოვეს, ვინც კარს გაუღებდათ კამერის წინაშე. წინასწარ ჩამორეკეს ყველა ისეთ ოჯახთან, რომლებიც ღიად პროტესტის გამოხატვით არ არიან გამორჩეულები და გულმხურვალეთ თხოვდნენ მადლობის ტექსტებით ჩართვას ლაივში, (იხილეთ „სქრინი“) რაზეც შეუსრულებელი ვალდებულებების გამო უარს იღებდნენ.
„არქი“ ისევ აგრძელებს თავის პიარ-კამპანიებს. ხან რესტორანში ეპატიჟება მობინადრეებს, ხანაც მთაწმინდაზე – ლელა წურწუმიას მოსასმენად ან უფრო დიდი პიარისთვის და ადამიანური იმიჯისთვის უკრაინას ეხმარება კოლოსალური თანხით… აი, სულ მალე “ბომბოლეიო-ბამბოლეიაზეც” აცეკვებენ ” კომპანიის მობინადრეებს და რის ხარჯზე? ისევ ჩვენივე მოუწყობელი სკვერის და სხვა მოუგვარებელი პრობლემების ხარჯზე. აბა, დაფიქრდით, რამდენი ასეთი სკვერის მოწყობას და სხვა პრობლემების მოგვარებას შეძლებდა კომპანია უკვე გამართული და გასამართი პიარ-კამპანიებში გახარჯული ათასობით ლარით?!… ვინმეს უღირს ასეთი ღონისძიებების ფასად ბეტონის ჯუნგლებში იცხოვროს, კორპუსში, სადაც ბავშვები ფეხბურთს პარკინგებზე თამაშობენ, რადგან კომპანიამ შეპირებული მწვანე სივრცის ნაცვლად ბეტონი დაასხა, საპარკინგე ადგილები დახაზა, გაყიდა და ფულად აქცია?! კორპუსში, სადაც ცუდად რომ გახდე, ჩამოსაჯდომად სკამს ვერ იპოვი?!
დამატებითი ინფორმაციისთვის: ასე გამოიყურება არქი-ვუდის კორპუსში კომპერციული ფართის შუშების გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ერთადერთი ბილიკი, რომელსაც სადარბაზოებამდე მიჰყავხარ და რომელზეც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
ასევე, დაგაინტერესებთ: ასეთ მდგომარეობაში იყო დატოვებული “არქი ვუდის” ეზოში გარე განათების ელექტრო კაბელები, მანამ, სანამ კომპანიას უშუალოდ არ მოვთხოვეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა.
კორპუსში მობინადრე უზარმაზარ ვირთხებზე და სხვა პრობლემებზე შემდეგ მასალაში ვისაუბრებთ.