პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. მან შერაზ გასრის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მისიის განხორციელებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის კავშირებზე და 2023 წელს შალვა პაპუაშვილის საფრანგეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და მოლოდინები. შერაზ გასრიმ გამოხატა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად.