4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, რეგულაცია შეეხება მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და მეგობრობის ჯგუფებში კვოტირების საკითხს. კერძოდ, საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე,  ამ ჯგუფების შემადგენლობა ხშირად იცვლება, რაც აქამდე პარლამენტის დადგენილებით ხდებოდა.

წარმოდგენილი პროექტით იცვლება ეს მექანიზმი და დელეგაციების და მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობის და ხელმძღვანელის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის ბიურო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით.

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება პროცესს უფრო მოქნილს გახდის.

 

პროექტით რეგულირდება დელეგატის ბიუროს საკითხი. კონკრეტულად კი დელეგატებს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, რეგიონებში იგივე რესურსი ექნებათ, რაც ჰქონდათ მაჟორიტარ დეპუტატებს.

 

ასევე, რეგლამენტის 210-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, გარდამავალ დებულებაში განისაზღვრება, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შეეცვალოს სახელი და დაერქვას საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.

 

კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განსახილველად წარმოადგინა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კიდევ ერთი პროექტი.

მომხსენებლის განმარტებით, წინა მოწვევის პარლამენტში რეგლამენტში იყო დათქმა,  რომ პარლამენტის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებდნენ პარტიას, რომლითაც პარლამენტში შემოვიდნენ, შეეძლოთ შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფები.

წარმოდგენილი ცვლილებით, ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები დატოვებენ პარტიას და იქნება არანაკლებ  პარლამენტის 7 წევრი, შეძლებენ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ეყოლება ხელმძღვანელი და ისევე როგორც ფრაქციას, 7 წევრზე მეტის შემთხვევაში, შეეძლება ჰყავდეს ორი მოადგილე.

კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება ასევე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რომ  ფრაქციის თავმჯდომარეებსაც, ფრაქციის ყოველ შვიდ წევრზე ერთი მოადგილე ჰყავდეს. ინიციატორმა აღნიშნული წინადადება მისაღებად მიიჩნია.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და  მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით

ავტორი:

ბოლო სიახლეები