4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

„ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის გადაწყვეტილებას, თბილისში სასტუმრო Le Méridien-ის აშენების შესახებ.

ქართველიშვილის თქმით, ფაქტი, რომ საერთაშორისო კაპიტალი საქართველოში გრძელვადიან ინვესტიციას ახორციელებს, მიუთითებს, იმაზე რომ თბილისი კვლავ განიხილება პერსპექტიულ ბაზრად.

„ამასობაში ცხოვრება გრძელდება: Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის დღევანდელი გადაწყვეტილება თბილისში (ჩუღურეთში) ახალი პროექტის – 152-ნომრიანი სასტუმრო Le Méridien-ის – განხორციელების შესახებ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ კიდევ ერთი ბრენდული ობიექტის აშენება. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სასტუმრო კორპორაცია საქართველოში საკუთარი საქმიანობის გაფართოებას აგრძელებს და საუბარია არა უკვე არსებული ბიზნესის შენარჩუნებაზე, არამედ დედაქალაქის ცენტრში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე.

თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კაპიტალი საქართველოში გრძელვადიან ინვესტიციას ახორციელებს, მიუთითებს, რომ თბილისი კვლავ განიხილება პერსპექტიულ ბაზრად, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის სასტუმრო, ტურისტულ და ბიზნესინფრასტრუქტურაზე გრძელვადიანი მოთხოვნის შექმნა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი საინვესტიციო სიახლე პირდაპირ ემთხვევა უკანასკნელ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ბიზნესსექტორის ბრუნვა 11,9%-ით გაიზარდა და რეკორდულ, 67,5 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო წარმოების მოცულობა 10,7%-ით, 25,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამავდროულად, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4,1%-ით გაიზარდა და 828,4 ათას ადამიანს მიაღწია.

სხვა სიტყვებით, Marriott-ი საქართველოში ცარიელ ბაზარზე არ შემოდის – მისი საინვესტიციო გადაწყვეტილება იმ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე მიიღება, რომელიც თავად საქართველოში მიმდინარეობს.

აქედან გაცილებით მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს: ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის. საერთაშორისო ბრენდები მხოლოდ ტურისტებზე არ არიან ორიენტირებული – ისინი ასევე ითვალისწინებენ მზარდ შიდა ბიზნესსექტორს, საერთაშორისო ღონისძიებების, კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობებს.

მხოლოდ ბოლო 2-3 წელიწადში თბილისმა რამდენიმე ასეთ მსხვილ ფორუმს უმასპინძლა. ამიტომ Marriott-ის დღევანდელი პროექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კერძო კაპიტალის ნდობის ერთგვარი ინდიკატორი საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ: ინვესტორი დღეს დებს ფულს იმ ბაზრის გათვლით, როგორი ბაზარიც საქართველო რამდენიმე წლის შემდეგ იქნება.

საბოლოოდ, საქართველო მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას კი არ აჩვენებს – ეს ზრდა უკვე რეალურ საერთაშორისო ინვესტიციებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მატერიალიზდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქმე მსოფლიოს დონის საერთაშორისო ბრენდს ეხება, რომელიც კავკასიაში საკუთარ წარმომადგენლობას აფართოებს, თუმცა ახალი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სწორედ თბილისის დამატებას მიიჩნევს საჭიროდ.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად.

ასე რომ – არც ერთი დღე პოზიტივის გარეშე!“- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.