ყოველთვის ვცდილობთ, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები იყოს მჭიდრო, – განაცხადა ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკო ალპარონემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი სკოლაა, სადაც იტალიური ენა ისწავლება, ასევე ბევრი სკოლაა იტალიაში, სადაც ქართული ისწავლება.
„მინდა, ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვო საქართველოს გენერალურ საკონსულოს. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობები იყოს მჭიდრო. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც, ნებისმიერი კუთხით, სადაც ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს.
მინდა ხაზი გავუსვა კულტურას. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, ერთმანეთის ენაზე ისაუბრონ და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა მარკო ალპარონემ.









