“თითქოს ჩვენს რელიგიას ემუქრება ევროპა, ან თითქოს ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვენ – ამით ურეცხავენ ტვინს. ვინმემ სადმე ევროპისგან ეს მოთხოვნები მოისმინა? ვინმეს ამის დამადასტურებელი უნახავს? თუმცა ხელისუფლება ამ სპეკულაციური თემებით თვითონ ქმნის ფსევდოსაფრთხეებს და მერე ”წარმატებით ებრძვის”. ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება – ამ უტიფარი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ ხალხისთვის ტვინის არევას. ვისთანაც გამოუვათ, აურევენ! მიზანი ერთადერთია – ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენი ხელისუფლება არ არის არც პროდასავლური და არც პრორუსული. მისი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და მეტი არაფერი. დასჭირდებათ წითელი დროშა, გამოფენენ, დასჭირდებათ ნატოს დროშა, ნატოს დროშას გამოფენენ, პრობლემა არა აქვთ. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ევროპა, მაგრამ ურჩევნიათ თავის პირობებზე მორგებული და არა ისე, რომ ევროპის თამაშის წესები აღიარონ. ევროპას ეუბნებიან, კი ვარ ცუდი ბიჭი, მაგრამ უნდა მიმიღოთ, თუ არადა, წავალ, აი, ლოთი მეზობელი რომ მყავს, იმას მოვურიგდებიო”, – ამბობს გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.









