ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რომელთა შინაარსიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მოედანზე თუ ქალაქში მათი გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციულ ქმედებებს მიმართეს. აღნიშნული ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებლად დაბრუნება“, – წერს ზურაბ პატარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სულხან თამაზაშვილი: ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნახევარში. ქომაგებმა დადეს ძალიან...

ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში გუშინდელი...