„ღიმილის მომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი დემოკრატიის უკუსვლისკენ არის მიმართული.
ჭეიშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან.
„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რამეთუ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში რა თქმა უნდა არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით როგორღაც თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან. აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ უბრალოდ ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ თუნდაც, სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.









