აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება, – განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ საცხოვრებელი კორპუსის ბინის შესახებ, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა.
მისი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ დაზიანების ხარისხის გამო სამსახურის თანამშრომლები მისამართზე ვერ შევიდნენ.
„ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართებიდან რაიმე განაცხადი გაზის სუნთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. რაც შეეხება შემოწმებას, აღნიშნული ბინა ჩვენთან ფიქსირდება, როგორც დაკეტილი და არ ფიქსირდება მოხმარება. როგორც ჩანს, მისამართზე პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ადამიანების შესვლა და ამ წლის განმავლობაში ჩვენთან ხარჯი არ ფიქსირდება”, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.









