საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და თავისი პოლიტიკით ეწინააღმდეგება ბრიუსელის სურვილს, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის შემცირების წინააღმდეგაა მიმართული.
„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.
სოზარ სუბარმა ჩეხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.
„ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.









