მიხეილ ყაველაშვილი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისი არსით მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე — თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისი არსით მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა. ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთის გზაჯვარედინზე. იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე — ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება.

სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც, ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური პოლიტიკური აქტორების სტრატეგიული მიზნები.

საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს“, — აღნიშნა ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით,...

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით, წამახალისებელი...