ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებსა და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.
„დღეს მსოფლიო იმყოფება ურთულეს, გარდამავალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა გლობალურ წესრიგს, ფუნდამენტური რყევების პროცესშია. ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომები, მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური საფრთხეები ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვების ფასი უკიდურესად მაღალია.
ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს.
ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია – გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.
მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს.
გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.









