გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, რომელიც „მწვანეების“ პარტიას წარმოადგენს, ქვეყნის კანცლერის თანამდებობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჰაბეკი კანცლერის კანდიდატად ოფიციალურად ვისბადენში გასამართ „მწვანეთა“ ყრილობაზე დასახელდება. ყრილობა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს.
გერმანიაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ჰაბეკის კანცლერად არჩევის შანსები მცირეა, ვინაიდან მისი პარტიის რეიტინგი 10,5% შეადგენს.
ცნობისთვის, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისია. გუშინ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ 2025 წლის 15 იანვარს გერმანიის პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს.








