ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება , – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ ღებრიშვილის თქმით, ხვალისთვის იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა.
„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. კითხვა რომ არ დარჩეს, რატომ აქამდე არ შეიყვანეს მდინარეში მძიმე ტექნიკა, აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი და უკვე ნიადაგი მყარია. ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 26 ადამიანი. შვიდ პირს ეძებენ.