ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს. ის ასევე პროგნოზირებს, რომ ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება- ინფორმაცია ამის შესახებ ხორვატულ მედიაში ვრცელდება.
ბარტულიცა ზაგრებში, მასპინძლობს კონფერენციას სახელწოდებით “რა განსაზღვრავს ევროპას?“. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) პრეზიდენტი ადამ ბიელანი, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ შტიმაცი და სტუმრები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბარტულიცამ ევროკავშირის ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მოქალაქეების რეალური საჭიროებების საწინააღმდეგოდ იღებენ.
შეხვედრის დაწყებამდე ბარტულიცამ განაცხადა, რომ, როგორც ევროპარლამენტის წევრი, უშუალოდ ხედავს ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში არსებულ პრობლემებს. მისი აზრით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება. მაგალითებად მან დაასახელა ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, საფრანგეთის ქუჩებში განვითარებული მოვლენები და ევროპის მწვანე პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ევროპამ უკრაინას უკვე ასობით მილიარდი ევრო გადაუხადა, თუმცა ომის დასასრული ჯერაც არ ჩანს.
მან განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროპის მწვანე პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მრეწველობასა და ეკონომიკას. მაგალითად მან გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია მოიყვანა და საზოგადოება წარმოებასა და სამუშაო ადგილებზე ევროპული რეგულაციების შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა. „თუ მათ გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის განადგურება შეუძლიათ, ფაქტობრივად ყველაფრის განადგურება შეუძლიათ“,- განაცხადა ბარტულიცამ. მისი შეფასებით, ევროპული ინსტიტუტები საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნიან ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და უგულებელყოფენ მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს.









