როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, – წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს ევროპამ თავისი როლი: მოლაპარაკებების მაგიდასთან წარდგება ჯგუფი, რომელიც შედგება “E5”-ის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო) და ევროკავშირისგან. ეს სცენარი პრესკონფერენციაზე ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა გააჟღერა. მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან “E5”-ის ჯგუფი და ევროკავშირი ერთად წარდგებიან. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, “რუსეთმა უნდა გამოხატოს ამ ომის დასრულების სურვილი”.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირს კოშტა და ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ, კაია კალასი ამ ჯგუფს მიღმა დარჩა.
“ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში “უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია ევროპის ძლიერი წარმომადგენლობა”; ამ კონტექსტში იგი “მიესალმება E5-ის ჯგუფისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობას”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, მკაცრად სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირს და აღნიშნავს: “ხელშეკრულებები ცალსახაა: საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სახელმწიფოთა ან მთავრობათა მეთაურების დონეზე, წევრ ქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს”. შემდეგ კი დასძენს: “ასევე არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც თავად კომისიას წარმოადგენს”.
ამ განმარტებების ფონზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, ფაქტობრივად, პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება”, – აღნიშნავს EU News-ი.









