პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბრის პოლიტიკური შემადგენელის გარდა, ყურადღება ინტერვიუს წარმართვის მანერაზე და შინაარსზე უნდა გამახვილდეს.
მისი თქმით, ჟურნალისტი მარია ტადეოს მიერ დასმული კითხვები დაკითხვას უფრო ჰგავდა, რომლის მიზანიც ქვეყნის პრემიერის თავის მართლების პოზიციაში ჩაყენება იყო და ამას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან.
„ჩემი აზრით, ბრიუსელში ირაკლი კობახიძის მიერ Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ დასმული კითხვების შინაარსზე, არამედ თავად საუბრის მანერაზეც. თითქმის 40 წუთის განმავლობაში ჟურნალისტი მარია ტადეო საუბარს ისე წარმართავდა, თითქოს მისი მიზანი არა სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის მეთაურთან პროფესიული დიალოგი, არამედ იმ ქვეყნის წარმომადგენლის საჯარო პოლიტიკური დაკითხვა იყო, რომლის პოზიციაც წინასწარ ეჭვქვეშაა დაყენებული. კითხვები იმის შესახებ, საერთოდ რატომ ჩავიდა კობახიძე ბრიუსელში, რატომ არ ცვლის საქართველოს ხელისუფლება კანონმდებლობას ევროპული ინსტიტუტების მოთხოვნით და რატომ არ სურთ ევროპელ ლიდერებს მასთან ფოტოების გადაღება – ჩვეულებრივი ჟურნალისტური ინტერესის ფარგლებს სცდება. ეს იყო თავში ავარდნილი უზრდელი და უხეში “ქუჩის აქტივისტის” აგრესიული გამოხტომა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ბოლო თავდასხმა, როდესაც ჟურნალისტმა პოლიტიკური დისკუსია რესპონდენტის პიროვნულ შეფასებამდე დაიყვანა. ეს უკვე საერთოდ აღარაა ჟურნალისტიკა – ეს არის “აკაცუკ-შოუს” ფორმატში საუბრის აშკარად კონფრონტაციული ფორმა.
შეიძლება თუ არა მომხდარი წინასწარ შეთანხმებულ სარედაქციო ოპერაციად ან ევროკავშირის ხელმძღვანელობის პირდაპირ მითითებად მივიჩნიოთ? ასეთი განკარგულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს და ამის დადგენილ ფაქტად წარმოჩენა არასწორი იქნებოდა.
თუმცა არსებობს გარემოება, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია: ინტერვიუ ჩატარდა არა რომელიმე შემთხვევით სატელევიზიო სტუდიაში, არამედ Euronews-ის მიერ სპეციალურად ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტის ფარგლებში, რომელშიც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, რედაქციას შესანიშნავად უნდა სცოდნოდა ამ საუბრის პოლიტიკური მგრძნობელობისა და შესაძლო შედეგების შესახებ. კონფრონტაციული ფორმატის არჩევანი, კითხვების ხასიათი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯაროდ თავის მართლების მდგომარეობაში ჩაყენება ქმნიდა სრულიად კონკრეტულ საინფორმაციო ეფექტს. ეს გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ ინტერვიუს ფორმის გარშემო არსებულ სარედაქციო პასუხისმგებლობაზე, ასევე ვივარაუდოთ, რომ დამკვეთი ევრობიუროკრატიის მესვეურები იყვნენ.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი საკითხი: ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მუდმივად სთხოვენ ევროპული სტანდარტების დაცვას, დემოკრატიული პროცედურების პატივისცემას, პოლიტიკურ დიალოგსა და თანასწორ პარტნიორობას. მაგრამ სად არის ეს სტანდარტები, როდესაც საქმე საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლისადმი დამოკიდებულებას ეხება? შეიძლება არ ეთანხმებოდე კობახიძეს, შეიძლება მკაცრად აკრიტიკებდე მის გადაწყვეტილებებს, ითხოვდე კონკრეტულ პასუხებსა და მტკიცებულებებს – ეს ნორმალური ჟურნალისტიკაა. მაგრამ საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკურ უპირატესობის დემონსტრირების საშუალებად გადაქცევა, სადაც ერთ მონაწილეს გამოცდას აბარებინებენ, მეორეს კი მოსამართლის როლს აკისრებენ, თანასწორი დიალოგის საჯარო დამოძღვრით ჩანაცვლებაა.
საქართველო ევროკავშირს არ სთხოვს, რომ მას მზრუნველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის სტატუსით მოექცეს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული არ არის, სატელევიზიო კამერების წინაშე პოლიტიკური კეთილსაიმედოობის გამოცდა ჩააბაროს. თუ ევროპულ მხარეს საქართველოსთან რეალური პარტნიორობა სურს, პირველ რიგში, მისი სახელმწიფოებრივი სტატუსის პატივისცემით უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპულ “ღირებულებებზე”, თანასწორობასა და დემოკრატიაზე საუბარი შეიძლება ერთმხრივ მოთხოვნად იქცეს: მოგვისმინეთ, დაგვეთანხმეთ და წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ მოითხოვოთ,“- წერს დავით ქართველიშვილი.









