სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული – ეს იყო რეალური გენოციდი – ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა დაიკავა, საპატიმრო დაწესებულებებში ჩატარებული სრული სკრინინგის შედეგად დადასტურდა, რომ პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან და მისმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ციხეებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელ საქართველოზე გავრცელდა.

„როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ, სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს.

2004-2009 წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი და ციხეებში პატიმართა გარდაცვალების მიზეზებს ვსწავლობდი, ნათლად ჩანდა, რომ პატიმრებში სიკვდილობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი იყო. სახალხო დამცველის 2008 წლის მოხსენებაში ვწერდი, რომ პატიმრების დაახლოებით 30% სავარაუდოდ C ჰეპატიტით იყო დაავადებული. იმ ფონზე, როცა ციხეებში ამ დაავადების სკრინინგი იყო აკრძალული, ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული ემპირიული დაკვირვება გვაძლევდა ამის თქმის საფუძველს. ამაზე მაშინ სასტიკი დაცინვა და თავდასხმები მივიღე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. მეუბნებოდნენ: როგორ წარმოგიდგენია, რომ ყოველ მესამე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდესო?

მომდევნო წელს, უფრო ჩაღრმავებული კვლევის შედეგად, კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობა ვივარაუდეთ – დაახლოებით 40%-დან 60%-მდე C ჰეპატიტით დაავადებული პატიმარი და შესაბამისი ჩანაწერი მოხსენებაშიც ავსახეთ.

მართლაც, ძნელად დასაჯერებელი რიცხვები იყო, მაგრამ ემპირიული დაკვირვებით ეს დასტურდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მაშინდელი ხელისუფლების მიერ საპატიმრო დაწესებულებებში C ჰეპატიტის სკრინინგი აკრძალული იყო. ეს აკრძალვა მოჰყვა სამი პატიმრის სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ეს საქმეები იყო „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“. მას შემდეგ, რაც ამ სამმა ადამიანმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მოიგო და სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას ამ პატიმრების მკურნალობა დაავალა, მაშინდელმა ხელისუფლებამ პასუხად აკრძალა C ჰეპატიტის სკრინინგი საპატიმრო დაწესებულებებში. ანუ უკვე ვეღარ გაიგებდი, დაავადებული იყო თუ არა პატიმარი.

2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩავატარეთ სრული სკრინინგი და აღმოჩნდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული. ანუ ყოველი მეორე პატიმარი. ეს იყო რეალური გენოციდი – ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება.

სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯერ ციხეებში – მე და არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ჩემი მოადგილე იყო მაშინ. და მას შემდეგ, რაც მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუთხარით, რომ ეს პროგრამა დავიწყეთ, მან დაგვავალა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გაგვეფართოვებინა პროგრამა, მთელ საქართველოზე გაგვევრცელებინა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. შედეგად, დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია წარმატებით მუშაობს.

იგივე შემიძლია ვთქვა ტუბერკულოზთან დაკავშირებით. 2004-2012 წლებში ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 500-დან 1 000-მდე ახალი შემთხვევის გამოვლენა ხდებოდა, ზოგჯერ კი ეს რიცხვი 1 000-ზე მეტიც იყო.

იყო შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებულ პატიმარს სვამდნენ საკანში, სადაც 60, 70 და ზოგჯერ მეტი პატიმარიც იყო. ამ უჰაერო სივრცეში, გადატვირთულ საკანში, ეს ადამიანი განწირული იყო, ისევე როგორც მისი თანამესაკნეები.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რომ შევადაროთ, დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ 12 ადამიანი მკურნალობს ციხეებში, საიდანაც 5 არის ახალი გამოვლენილი შემთხვევა. ამ 5 ბრალდებულს დაკავების დროს აღმოაჩნდათ ეს დაავადება – ანუ დაკავებისთანავე ხდება პატიმრების სკრინინგი. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგია, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ყოველწლიურად 100-დან 150-მდე პატიმარი კვდებოდა ციხეებში, დღეს ეს რიცხვი 2 ათეულზე ნაკლებია.

C ჰეპატიტზე უკვე აღარც ვლაპარაკობ, რადგან სწორედ ელიმინაციის პროგრამის საშუალებით სასჯელაღსრულების სისტემაში 6 000-მდე პატიმარი უკვე განიკურნა ამ სენისგან,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...