სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტების „ბელეტრისტიკად“ და „მხატვრულ თხზულებად“ შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წარსულში ჩადენილ დანაშაულებს უგულებელყოფენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესახებ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება.

დეპუტატი ასევე საუბრობს ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტებზე და აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების ორმაგი სტანდარტი და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობები. მისი შეფასებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე უნდა მიიღოს.

„როდესაც კომისიის სხდომა მიმდინარეობდა (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია), ეს იყო უმძიმესი პროცესი. მთელი საქართველო 6 თვის განმავლობაში ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და პირდაპირ ეთერში უსმენდა იმ უმძიმეს დანაშაულთა აღწერას, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადიოდა.

კომისიის წევრები ხშირად ცრემლს ვერ ვიკავებდით, როცა ამ უმძიმეს ტრაგედიებს ვისმენდით. იგივე ხდებოდა მთელ საქართველოში, ყველა ოჯახში, ნებისმიერი ტელევიზორის ეკრანთან. როდესაც ვუსმენდით სამი აჭარელი ბიჭის მშობლებს, რომელთა აბსოლუტურად უდანაშაულო შვილებიც დაჩოქილები დახვრიტეს ნავთლუღის ბაზართან; როდესაც ვისმენდით ყინწვისელი ბიჭების წამების შემზარავ ფაქტებს ან სააკაშვილის მიერ სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადებული ე.წ. „ფოტოგრაფების საქმის“ აბსურდულ და შემზარავ დეტალებს.

ესენი კი, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხეებად წარმოდგენილი აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, ამ უმძიმეს ფაქტებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული, „ბელეტრისტიკას“, თავად დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ. საინტერესო ის არის, რომ, ერთი მხრივ, მათ თავიანთ გამოსვლებში ეს დასკვნა შეაფასეს, როგორც უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“, მეორე მხრივ კი, მათივე აღიარებით, ფაქტების შემაჯამებელ დოკუმენტს ბელეტრისტიკად მიიჩნევენ და მას „მოთხრობასა“ და „თხზულებას“ უწოდებენ. აქედანაც ჩანს, რომ ისინი აბსოლუტურად არ განიცდიან მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არ ინანიებენ თავიანთ საქციელს. აქედანაც ჩანს, რომ მათ დღეს რომ ძალაუფლება ჰქონდეთ, დიდი სიამოვნებით გაიმეორებენ იმავეს.

ერთ-ერთმა მოპასუხემ, პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ისიც თქვა: 10 თუ 15 წლის წინ ჩვენ მიერ ჩადენილი დანაშაული დღეს რატომ უნდა იყოს განხილვის საგანიო? არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ გამოსვლაში მან განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საუკეთესო იყო, რაც ამ ქვეყანას ჰყოლია, და რომ მას ეამაყებოდა ამ მთავრობის წევრობა. ეს სწორედ ის მთავრობა იყო, რომლის მმართველობის 8 წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში დახვრიტეს, ციხეებში კი 800-ზე მეტი პატიმარი მოკვდა, ზოგი წამებით და ზოგი უმძიმესი პირობების გამო. ათეულობით ათასმა ადამიანმა ციხეებში წამების შედეგად სამუდამოდ დაკარგა ჯანმრთელობა და ამაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს.

შესაბამისად, ცხადია, რომ, როცა ადამიანი ამაყობს, რომ იმ დანაშაულებრივი მთავრობის წევრი იყო და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელ ძალას „საუკეთესო ხელისუფლებად“ მიიჩნევს, ის დღესაც მზადაა, იგივე დანაშაულები ჩაიდინოს, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ვფიქრობ, მოპასუხეები მსგავსი განცხადებებით მოსამართლეებს დამატებით მტკიცებულებებს აძლევენ, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება სარჩელში დასახელებულ სხვა პარტიებს („ძლიერი საქართველო“, „ლელო“, „ფედერალისტები“, „გახარია საქართველოსთვის“), არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ რომელიმე პარტია ძალადობისკენ მოწოდებას მკაფიოდ არ ემიჯნება და არ გმობს, ის უკვე გარკვეულწილად ხელშემწყობად მოიაზრება და პასუხისმგებელიცაა განვითარებულ მოვლენებზე (Herri Batasuna and Batasuna v. Spain). ეს კი, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, უკვე საფუძველია იმისა, რომ ასეთი პარტიები აიკრძალოს.

ასევე, მოპასუხეები აპელირებენ იმაზეც, რომ ერთი პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულები სხვა, ე.წ. „მემკვიდრე“ პარტიებზე არ უნდა გავრცელდესო, თუმცა ამაზეც არსებობს არაერთი ევროპული ქვეყნის პრეცედენტი.

მაგალითად, სულ რაღაც 6 წლის წინ საბერძნეთში უზენაესმა სასამართლომ აკრძალა პარტია „ოქროს განთიადი“ (საბერძნეთში არ არის საკონსტიტუციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო განიხილავს მსგავს დავებს, ისევე როგორც აშშ-ში).

აკრძალეს იმიტომ, რომ პარტიის იდეოლოგია მიიჩნიეს მიუღებლად. არა მხოლოდ იდეოლოგიის, არამედ იმის გამოც, რომ ერთ-ერთი ულტრამემარცხენე რეპერი (ეს პარტია კი ულტრამემარჯვენე იყო) მოკლეს და ეს მკვლელობა ამ პარტიის მიერ წარმოებულ კამპანიას დაუკავშირეს. ამის გამო კი არა მხოლოდ ეს პარტია აკრძალეს, არამედ პარტიის ლიდერებიც გაასამართლეს და მრავალწლიანი სასჯელები მიუსაჯეს. ზოგი პროცესი კი დღესაც გრძელდება. ეს მოხდა იდეოლოგიისა და ამ კამპანიის გამო და არა უშუალოდ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, განსხვავებით სააკაშვილისა და სხვა პირებისგან, რომელთაც კონკრეტული დანაშაულების გამო მიესაჯათ სასჯელი.

ამ პარტიის („ოქროს განთიადი“) გაუქმების შემდეგ მისმა ყოფილმა ლიდერებმა კიდევ ორი პარტია („ეროვნული პარტია – ბერძნები“ და „ეროვნული სახალხო ცნობიერება“) დააფუძნეს, თუმცა სასამართლომ ორივე აკრძალა, დამფუძნებლები კი დღესაც იხდიან მრავალწლიან სასჯელს.

ასე რომ, ევროპული მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ მუშაობს ევროპული დემოკრატია. ამ ფონზე კი ჩვენთვის მიუღებელია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ჩვენ გვიდგებიან ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უხეშად ცდილობენ სასამართლოზე ზეწოლას, რათა მან არ მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენთვის მიუღებელია, როცა საბერძნეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესპანეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების სასამართლოების მიერ მათთვის მიუღებელი პარტიების აკრძალვას ევროპელი პოლიტიკოსები „დემოკრატიის გადარჩენად“ ნათლავენ, ჩვენთან კი წინასწარ გმობენ სამართლებრივი პროცესის დაწყებასაც კი და თავიანთი განცხადებებითა და მოსამართლეების დასანქცირების მუქარით ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე.

მეტიც, ჩვენ გვახსოვს მართლაც გამაოგნებელი შემთხვევა, როდესაც რუმინეთში, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, გაიმარჯვა კელინ ჯორჯესკუმ და საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ გაუუქმა არჩევნების შედეგები, შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბოლოს კი ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ამაყად განაცხადა, რომ ეს მათ, ევროკომისიამ, გააკეთეს. მეტიც, ამავე ინტერვიუში ბრეტონი დაიმუქრა, რომ ევროკომისია იმავეს გააკეთებდა გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ, თუ ამის საჭიროებას დაინახავდა.

ასეთი ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომლებიც მაგიდაზე უდევს.

დღესაც, სასამართლო პროცესზე, მოვისმინეთ პირდაპირი მუქარები მოსამართლეების წინააღმდეგ, როდესაც მოპასუხეები მათ სანქციებით ემუქრებოდნენ. პრაქტიკულად, მოპასუხეები სასამართლოს დარბაზში და მათი პატრონები ქვეყნის გარედან აბსოლუტურად ერთი და იმავე მეთოდებით, საქმის განმხილველი მოსამართლეების დასანქცირების მუქარით, ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ სასამართლო პროცესზე.

მეორე მხრივ, ის, რომ აგენტურას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ აქვს, კარგად გამოჩნდა სასამართლოს დარბაზს გარეთ, სადაც რამდენიმე ათეული აქტივისტი აპროტესტებდა სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებას. ერთკვირიანი ინტენსიური მოწოდებებისა და მობილიზების მიუხედავად, ხუთმა პარტიამ სასამართლოსთან მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლო. ამიტომაც ისინი კვლავ უცხოელი პატრონების იმედად რჩებიან და მათი სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხს, საქართველოს ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც.“- აღნიშნავს სოზარ სუბარი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი...

აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე...